



მმართველი გუნდი ოპოზიციურ ძალებს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მიზანმიმართულ დაბლოკვაში ადანაშაულებს.
უმრავლესობაში ამბობენ, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სრულად დაკომპლექტებისთვის, ოპოზიციას კონკრეტული წინადადებები შესთავაზეს, თუმცა უშედეგოდ და თუ პროცესი საბოლოოდ ჩიხში შევა, აპირებენ მიზეზებზე
ევროპელ კოლეგებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდონ. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დარჩენილი ორი არამოსამართლე წევრის არჩევისთვის უმრავლესობას მხოლოდ საკუთარი ხმები არ ჰყოფნის - საჭიროა 90-ზე მეტი ხმა.
ამასთან, პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე აცხადებს, რომ ოპოზიციამ ევრორეკომენდაციის შესრულებისთვის, ერთ-ერთ აუცილებელ პუნქტს ბოიკოტი გამოუცხადა.
"საქმე გვაქვს ევრორეკომენდაციის შესრულებასთან და ის უნდა შესრულდეს. ერთ-ერთი მთავარი საკითხია სასამართლოსთან დაკავშირებული საკითხი და ჩვენმა ოპონენტებმა ამ საკითხის შესრულება გამოუცხადეს ბოიკოტი.
არათუ ბოიკოტი გამოუცხადეს, არამედ ვინც ხმა მისცა მის შესრულებას, ისინი ისე დააბულინგეს, რომ "ნაცმოძრაობის" მმართველობის პერიოდი გაახსენეს ხალხს. საკუთარი თანაგუნდელების ისე აბულინგეს და ისეთი რამ იკადრეს, რომ მათი მმართველობა კიდევ ერთხელ ამოვიდა ადამიანის ქვეცნობიერიდან,"-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.