



მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, კლინიკა "ვივამედი" პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას ცდილობს -ასე აფასებენ "ნაციონალურ მოძრაობაში" ექს
პრეზიდენტის მკურნალი ექიმების განცხადებას თვითდაზიანებასთან დაკავშირებით. პარტიაში ამბობენ, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა, მას საკვების მიღება არ შეუძლია და მოწამლულია.
""ვივამედი" პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას ცდილობს. ამას ემსახურება ის, რომ თითქოს მიხეილ სააკაშვილი სიკვდილისკენ თავად მიდის, რაც არის წარმოუდგენელი, რადგან ამ ადამიანს, პირიქით, უნდა სიცოცხლე როგორც ყველას, სურს უკრაინაში დაბრუნება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება არის არა მისი დამსახურება, არამედ მასზე არაადამიანური მოპყრობის განმხორციელებელი ორკესტრირებული სახელმწიფო შტურმის შედეგი," - განაცხადა ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრმა ირაკლი ფავლენიშვილმა.
”ქართულ ოცნებაში” კი მიიჩნევენ, რომ მთავარი პასუხისმგებლობა თავად მსჯავრდადებულ სააკაშვილზეა. მათი შეფასებით ადგილი აქვს თვითდაზიანების მცდელობას.
"ერთადერთი ფაქტორი, რაც აზიანებს სააკაშვილის ჯანმრთელობას, არის მისივე უმოქმედობა, როცა უარს აცხადებს დაემორჩილოს ექიმების რეკომენდაციებს. ეჭვი შეიძლება ვინმეს ებადებოდა, რომ ხომ არ არის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება განპირობებული სერვისის ხელმიუწვდომობით, ეს მოისპო უკვე რამდენიმე თვეა. ფაქტია, რომ ადამიანი არ ემორჩილება რეკომენდაციებს, არ იღებს საკვებს და შესაბამისად, მცირდება მისი წონა," - თქვა მიხეილ სარჯველაძემ.