28 მარტი 2023,   15:34
ვრცლად
მანდატის ჩაბარება არის 1-საათიანი, ბოლის გამოშვების ქმედება, რომელსაც შედეგი, ჩემი აზრით, არ მოჰყვება - გიორგი ჩალაძე

იქნება თუ არა ბოიკოტის შემდეგი ნაბიჯი საპარლამენტო მანდატებზე უარის თქმა - ამ საკითხზე "ნაციონალურ მოძრაობაში" შეთანხმებული პოზიცია ამ დრომდე არ არის.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" რეგიონული შტაბების ხელმძღვანელი, გიორგი ჩალაძე საპარლამენტო მანდატების დატოვებას არ ემხრობა.

"ვთვლი რომ მანდატები არ უნდა დავტოვოთ. ჩემი აზრით, მანდატი არის საშუალება რომ ადგილზე ვიბრძოლოთ, ადგილზე შევქმნათ მაქსიმალური დისკომფორტი იმ ფორმებით, რომლებიც ასევე დისკუსირებული და კომუნიცირებული იქნება იმ ადამიანებთან, რომლებსაც ეს მანდატები გააჩნიათ. ადამიანებმა მისცეს მანდატი მათ, ვინც დღეს არიან წარმოდგენილი სხვადასხვა მმართველობით რგოლში და მე მოვთხოვდი კარგად დაფიქრდნენ, ვიდრე ამ მანდატების ჩაბარებაზე იფიქრებენ.

მანდატის ჩაბარება არის 1 საათიანი, ბოლის გამოშვების ქმედება, რომელსაც შედეგი, ჩემი აზრით, არ მოჰყვება," - ამბობს ჩალაძე.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ბაჩო დოლიძის თქმით, პარლამენტში პარტიის მხრიდან აქტიურობის ნაცვლად უფრო რეფლექსური მოძრაობები შეიმჩნევა. მისთვის ამგვარი ბოიკოტის ფუნქცია გაუგებარია.

"ან ხარ პარლამენტში, ან არ ხარ პარლამენტში, ბოიკოტის ფუნქციას მე ზოგადად ვერ ვხვდები, რას ნიშნავს, ხელფასს ვიღებთ და არ დავდივართ? მთავარი ამოცანა რა არის ამ ყველაფერში, აქ ვინმე ვინმეს კი არ ექაჩება, "გინდა თუ არა პარლამენტიდან გამოდი", აქ მთავარი ის არის რომ პარლამენტში უნდა იყოს აქტიურობა, რომელიც სამწუხაროდ არ ჩანს. არათუ პარლამენტში, სამწუხაროდ ზოგადად პარტიის მხრიდან რაღაც უფრო რეფლექსური მოძრაობებია," - განაცხადა დოლიძემ.

დღის ამბები