



"ქართულ ოცნებაში" "ნაციონალური მოძრაობის" მიერ გამოცხადებულ ბოიკოტს "გაცვეთილ მცდელობებს" უწოდებენ.
ირაკლი ზარქუას შეფასებით, ოპოზიციას უბრალოდ მუშაობა ეზარება.
"სიმართლე რომ ვთქვა, მეგონა "ნაცების" ახალი თავმჯდომარე რამე ორიგინალურს შემოგვთავაზებდა, მაგრამ ისევ ის გაცვეთილი მცდელობები აქვთ. თან როდესაც დასაზუსტებლად ჰკითხეს, თურმე მანდატებს არ ტოვებენ - ანუ უბრალოდ მუშაობა ეზარებათ, გადიან ხელფასები უნარჩუნდებათ, ყველა პრივილეგია, რაც აქვს დეპუტატს იმასაც ინარჩუნებენ. აქ მოსვლა და განცხადებების გაკეთებაც კი ეზარებათ, თორემ მუშაობაზე ხომ ზედმეტია საუბარი. ჩვენ ვიცოდით რასაც წარმოადგენს რადიკალური ოპოზიცია, შეუძლიათ ილაყბონ, პოპულისტური განცხადებები გააკეთონ და შემდეგ წავიდნენ სახლში, მაგრამ ესეც ეზარებათ,"- აღნიშნავს პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრი ირაკლი ზარქუა.
მიხეილ სარჯველაძე კი აცხადებს, რომ ისინი, როგორც "პარლამენტში ყოფნით, ასევე არყოფნითაც აშავებენ".
"ფაქტია ვერ ელევიან იმ პრივილეგიებს, რომელიც მათ შორის შეიძლება დეპუტატობიდან შეიძლება ჰქონდეთ. რაღაც გარკვეულ მანდატს ვერ ელევიან. ისინი პარლამენტში როგორც ყოფნით, ასევე არყოფნით აშავებენ," -პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე.
"ნაციონალური მოძრაობის" გადაწყვეტილებას ბოიკოტის რეჟიმთან დაკავშირებით, ოპოზიციის სხვა წევრებიც უერთდებიან. მაგალითად, სტრატეგია აღმაშენებელის” წევრი პაატა მანჯგალაძე აცხადებს, რომ ამ რეჟიმში იქნებიან მანამ, სანამ საერთო ოპოზიციური შეთანხმება არ შედგება.