31 მარტი 2023,   10:50
ვრცლად
დატოვებს თუ არა ენმ, საპარლამენტო ბოიკოტის პარალელურად, საპარლამენტო მანდატებსაც - ორად გაყოფილ პარტიაში პოზიციები განსხვავებულია

დატოვებს თუ არა "ნაციონალური მოძრაობა" საპარლამენტო ბოიკოტის პარალელურად საპარლამენტო მანდატებს - ორად გაყოფილ პარტიაში პოზიციები განსხვავებულია. ხაბეიშვილის გუნდში ამბობენ, რომ კონსულტაციებს დიპლომატიურ კორპუსთან გაივლიან.

პარტიის წევრების ნაწილი აცხადებს, რომ სხვა საპროტესტო ქმედებებთან ერთად, აუცილებელია მანდატების დატოვებაც.

"ფრაქციის სხდომაზე ვათანხმებთ საბოლოოდ საპარლამენტო საქმიანობის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას, რაც გულისხმობს პლენარული სხდომების და საკანონმდებლო მოსმენებზე არდასწრებას და მონაწილეობას არ მივიღებთ საპარლამენტო საქმიანობაში. იმავდროულად, განიხილება მანდატების დატოვების საკითხი და ამაზე კონსულტაციებს ვაწარმოებთ როგორც ჩვენს კოლეგებთან, ასევე, ჩვენს დასავლელ, ევროპელ პარტნიორებთან. ფრაქციაში ყველა ვართ ერთ აზრზე, რომ ნებისმიერ ჩვენს მოქმედებას უნდა მოყვეს სათანადო შედეგი," - აცხადებს პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" თავმჯდომარის მოადგილე ლევან ბეჟაშვილი.

ოპოზიციის ნაწილი ენმ-ს ბოიკოტში აზრს ვერ ხედავს. "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივანი სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ "ნაცმოძრაობაში" არსებულ საკითხთან დაკავშირებით სხვადასხვა დღეს სხვადასხვა გადაწყვეტილებებს იღებენ, რაც მისი შეფასებით, უცნაურია.

"ჩვენი შეფასებით, დღეს ბოიკოტის გამოცხადება პარლამენტის მუშაობისთვის არანაირი შედეგის მომტანი არ არის. მათ შორის, ჩემთვის ცოტა უცნაურია, როგორც ჩანს "ნაციონალურ მოძრაობაშიც" ამ საკითხზე სხვადასხვა გადაწყვეტილებებს იღებენ სხვადასხვა დღეს იმიტომ, რომ რამდენიმე დღის წინ გვახსოვს "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე იმუქრებოდა, რომ არ გავლენ პარლამენტიდან თუ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა და გათავისუფლება არ მოხდა, და ახლა, როდესაც გუშინ დატოვა ბიძინა ივანიშვილმა სააკაშვილი პატიმრობაში, საპარლამენტო ბოიკოტი გამოაცხადეს," – აცხადებს სალომე სამადაშვილი.

გახარიას პარტიაში "ნაცმოძრაობის" ქმედებებს "სასაცილოდ" აფასებენ.

"სასაცილოა, უბრალოდ აბუჩად იგდებს უკვე ხალხი მთლიანად ამ პარტიას, როგორც ჩანს, ჭკუას არც სწავლობენ. მათ უნდა კითხოთ რატომ. ზოგადად, ერთი რაც შემიძლია ვთქვა არის ის, რომ მაშინაც კი როდესაც ისინი პარლამენტში იყვნენ, მანდატის გამოყენება როგორც ჩანს არ იციან," - განაცხადა  პარტიის "საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა ანა ბუჩუკურმა.

დღის ამბები