30 იანვარი 2023,   01:20
ვრცლად
"სახალხო დამცველი უნდა იყოს ყველას უფლებების დამცველი და არა რომელიმე პარტიის წარმომადგენელის ან პარტიის ლიდერის" - ირაკლი ზარქუა 

ნინო ლომჯარიას 5 წლიან საქმიანობას სახალხო დამცველის პოსტზე მმართველი გუნდის წევრები აფასებენ. უმრავლესობის წარმომადგენლების მხრიდან კრიტიკული განცხადებები ისმის. მათი თქმით, რომ ნინო ლომჯარია კონკრეტული პარტიის ინტერესებს ატარებდა.

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ირაკლი ზარქუა ამბობს, რომ სახალხო დამცველი უნდა იყოს ყველას უფლებების დამცველი და არა კონკრეტულად რომელიმე პარტიის წარმომადგენელის.

"ქალბატონი ლომჯარია სახალხო დამცველის გარდა მე მგონი ყველაფერი იყო. სამწუხარო რეალობაა ეს. მე პიროვნულად არ ვერჩი, ძალიან კარგი გოგოა, მაგრამ აქ მნიშვნელოვანია, რომ სახალხო დამცველი უნდა იყოს ყველას უფლებების დამცველი და არა კონკრეტულად რომელიმე პარტიის წარმომადგენელის ან პარტიის ლიდერის უფლებების დამცველი, რასაც ადგილი ჰქონდა სამწუხაროდ, მისი ბოლო პერიოდში მოღვაწეობის დროს. მე მას წარმატებებს ვუსურვებ, დარწმუნებული ვარ, რომ აწი ექნება შესაძლებლობა, ობიექტურად შეაფასოს მისი განვლილი ცხოვრება და ასეთ შეცდომებს აღარ დაუშვებს," - აცხადებ ირაკლი ზარქუა.

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილი ამბობს, რომ მომავალი სახალხო დამცველი პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალი უნდა იყოს და მიუკერძოებლად უნდა აწარმოოს საქმიანობა.

"ცხადია, ჩვენი საზოგადოება აფასებს ყველაფერს ობიექტურად და გონივრულად. ჩემი პირადი დამოკიდებულება ხვალინდელ დღეზე იქნება ორიენტირებული და მე ვისურვებდი, რომ ჩვენ არ გვყავდეს ოპოზიციის მორჩილი სახალხო დამცველი. ვინც ამ პოსტზე იქნება არჩეული, მაღალი სტანდარტით უწევდეს მონიტორინგს ადამიანის უფლებების მდგომარეობას და იყოს პოლიტიკური დღის წესრიგისგან დაცლილი," - აცხადებს რატი იონათამიშვილი.

 

დღის ამბები