30 იანვარი 2023,   01:28
ვრცლად
"ქართულ ოცნებას" არავითარი კულუარული გარიგება არ სჭირდება არავისთან იმისათვის, რომ სწორი პოზიცია ჰქონდეს - გიორგი ვოლსკი

"გირჩის" განცხადებები რეალობას მოწყვეტილია და "ქართულ ოცნებას" არ სჭირდება კულუარული გარიგება არავისთან, რათა სწორი პოზიცია ჰქონდეს ,- ასე გამოეხმაურა დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ოპონენტების განცხადებებს, რომლის თანახმადაც ცალკეულ პარტიებს ვერ გაურკვევიათ თუ რატომ უცხადებენ ბოიკოტს მმართველ გუნდს ის პარტიები, რომლებიც მონაწილეობასაც კი არ იღებდნენ სამუშაო ჯგუფებში. 

"როდესაც ამაზე "ლელო" საუბრობს, მან იგრძნო, რომ "ნაციონალური მოძრაობა" დასუსტდა და ხვალისთვის შეიძლება გამოუსადეგარიც იყოს, როგორ ფლაგმანი რადიკალური ოპოზიციის ფლანგზე. გამომდინარე აქედან, მისი განცხადებები უკვე მოურიდებელი გახდა "ნაციონალურ მოძრაობასთან" მიმართებაში. 

რაც შეეხება "გირჩის" განცხადებებს, იგი რეალობისგან მოწყვეტილია იმიტომ, რომ "ქართულ ოცნებას" არავითარი კულუარული გარიგება არავისთან არ სჭირდება იმისათვის, რათა სწორი პოზიცია ჰქონდეს,"-აცხადებს გიორგი ვოლსკი. 

ბოიკოტში მყოფი პარტიებისგან დანარჩენი ოპოზიცია განმარტებებს ითხოვს - საუბარია "ნაციონალურ მოძრაობაზე", "ლელოზე" და "სტრატეგია აღმაშენებელზე". აღნიშნული პარტიები არ მონაწილეობენ სამუშაო ჯგუფებში, თუმცა გუშინ გაირკვა, რომ "ქართულ ოცნებასთან" საარჩევნო კოდექსზე მოლაპარაკებებს მართავენ.

ამ ფაქტმა პროტესტი გამოიწვია მათში, ვინც პირველივე დღიდან 12 პუნქტის შესრულებისთვის სამუშაო პროცესში მონაწილეობს. ამ ფონზე პარტიებისთვის გაუგებარია, ვის უცხადებენ ბოიკოტს კოლეგები და რატომ მიმდინარეობს კულუარული პროცესები.

დღის ამბები