27 იანვარი 2023,   22:08
ვრცლად
შალვა პაპუაშვილი ჰააგაში ევროჯასტის პრეზიდენტს ხვდება - ქართულ დელეგაციას დაგეგმილი აქვს შეხვედრები ქვეყნის წარმომადგენლობითი პალატისა და სენატის პრეზიდენტებთან

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამ წუთებში ჰააგაში "ევროჯასტის" პრეზიდენტს ხვდება. "ევროჯასტი" ევროკავშირის სააგენტოა, რომელიც კორუფციის, ტრეფიკინგის, ტერორტიზმთან და კიბერუსაფრთხოების საკითხებზე მუშაობს და თანამშრომნლობა "ევროჯასტთან" მნიშვნელოვანია არამხოლოდ ამ საკითხების მიმართულებით, არამედ 12 რეკომენდაციის შესრულების კუთხითაც.

ქართულ დელეგაციას დაგეგმილი აქვს შეხვედრები ქვეყნის წარმომადგენლობითი პალატისა და სენატის პრეზიდენტებთან. ჰააგადან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ლუქსემბურგს ეწვევა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ქართველ ჟურნალისტებთან განცხადების გაკეთებას ევროჯასტის პრეზიდენტი გეგმავს. მოლაპარაკებებს არა მხოლოდ ქართული დელეგაცია ესწრება, არამედ ევროჯასტში საქართველოს მეკავშირე პროკურორი გიორგი გოგაძე.

რაც შეეხება ქართულ დელეგაციას, ქართული კანონმდებლები ამბობენ, რომ ნიდერლანდებში ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ამ ქვეყნის უპირობო მხარდაჭერაა.

"ძირითადი საკითხი არის საქართველოს მხრიდან ყველა იმ შეკითხვაზე პასუხის გაცემა, რაც არის ჩვენი პარტნიორების დღის წესრიგში საქართველოსთან დაკავშირებით და ასე იმის უზრუნველყოფა, რომ ჩვენმა პარტნიორებმა მიიღონ დადებითი გადაწყვეტილება და ქვეყანას მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი," - აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფის" თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე.

ქართველი პოლიტიკოსები ასევე აქცენტს იმაზე აკეთებენ, რომ მნიშვნელოვანია კიდევ ერთხელ გაჟღერდეს თუ რას აკეთებს საქართველო ევროინტეგრაციის პროცესის დასაჩქარებლად.

"მნიშვნელოვანია ჰოლანდიურ მხარესთან კიდევ ერთხელ გავაჟღეროთ თუ რას აკეთებს საქართველო იმისთვის, რომ დაჩქარდეს ევროინტეგრაციის პროცესი, რას ველოდებით ჩვენ ასევე ჩვენი პარტნიორების მხრიდან, ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან და რამდენად მნიშვნელოვანია მათი უფრო აქტიური მხარდაჭერა ევროკავშირის შიგნით," - განაცხადა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა.

როგორც პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ამილახვარი ამბობს, რომ ევროჯასტის წარმომადგენლებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს 12 პუნქტიანი გეგმის იმ ნაწილთან დაკავშირებით, რომელიც ეხება სასამართლოსა და მართლმსაჯულების რეფორმას.

"იცით, რომ კანონპროექტი უკვე შემუშავებული გვაქვს და გადაგზავნილია ვენეციის კომისიაში. შესაბამისად, ჩვენი კოლეგების მხრიდან იყო ძალიან დიდი დაინტერესება ამ პროცესებისადმი, მხარდაჭერა და შესაბამისად, გვქონდა დეტალური განხილვა სამომავლო თანამშრომლობაზე," - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

დღის ამბები