27 იანვარი 2023,   22:02
ვრცლად
"ფეისბუქში"რომ არიან აქტიურები და ვითომ ძალიან ვაჟკაცური, გაბედული პოსტებით გამოირჩევიან, წავიდნენ და იომონ, არა კიევში, "სელფებს" რომ იღებდნენ, ფრონტის წინა ხაზზე წავიდნენ თუ ასე ძალიან უნდათ უკრაინაში ომში მონაწილეობა - პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მთავრობას სურს საქართველოს გაერთიანება მშვიდობიანი გზით. მისივე თქმით, ეს არის გონივრული და ეროვნული პოლიტიკა და არა ომით - ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ სხდომაზე განაცხადა. 

ამასთან, ღარიბაშვილი ოპონენტების კრიტიკასაც შეეხო და განაცხადა, რომ თუ სურთ ომი, მაშინ წავიდნენ უკრაინაში და იომონ პირველ ხაზზე. 

პრემიერმა ასევე სხვა წამყვანი ქვეყნების მაგალითი ახსენა და აღნიშნა, რომ აშშ-მა და ევროპის წამყვანმა სახელმწიფოებმა თავიანთ მოსახლეობას მოუწოდეს არ ჩართულიყვნენ ომში და სოლიდარობა სხვა ფორმით გამოეხატათ. 

"უკრაინაში ძალიან მძიმე ვითარებაა, ასევე მსოფლიოში და ევროპაში არის ძალიან რთული ვითარება. მინდა ყველას შევახსენო, რომ დაწყებული ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტით, შემდეგ ევროპის ქვეყნების სახელმწიფოების ლიდერები, საჯაროდ მიმართავდნენ და მიმართავენ საკუთარ მოქალაქეებს, რომ არ მიიღონ უკრაინაში საომარ მოქმედებებში მონაწილეობა და ეს სოლიდარობა გამოხატონ სხვა ფორმით. ჩვენ, როგორც პასუხისმგებელი მთავრობა, რა თქმა უნდა ვართ ვალდებულნი, რომ ვიზრუნოთ თითოეულ მოქალაქეზე. ჩვენი თითოეული ნაბიჯი უნდა იყოს კარგად გააზრებული, აწონილი, შეფასებული, რომ რაიმე ფორმით ჩვენს მოქალაქეებს ჩვენს ქვეყანას არ შევუქმნათ პრობლემები. მთავარი ჩვენი ვალდებულებაა ქვეყანაში მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნება, რაც არის ჩვენი კეთილდღეობის განმსაზღვრელი. მას შემდეგ, რაც აღვადგინეთ დამოუკიდებლობა, ჩვენ სამჯერ ვიომეთ, საკმარისია.

ჩვენ გვსურს ჩვენი ქვეყნის გაერთიანება მშვიდობიანი გზით. ეს არის გონივრული და ეროვნული პოლიტიკა და არა ომით. კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო ამ პოპულისტ ფარისევლებს, რომელი პოლიტიკოსი გინახავთ ომში გარდაცვლილი?! "ფეისბუქში" რომ არიან აქტიურები, სულ ლაპარაკობენ და ვაჟკაცური გაბედული პოსტებით რომ გამოირჩევიან. წავიდნენ და იომონ, არა კიევში, "სელფებს" რომ იღებდნენ, ფრონტის წინა ხაზზე წავიდნენ და იომონ თუ ასე ძალიან უნდათ უკრაინის ომში მონაწილეობის მიღება.

ყველა ასეთ ტრაგედიაზე ცდილობენ გარკვეული პოლიტიკური დივიდენდების მიღებას. ამიტომ, ყოველთვის შევახსენებ, რომ ეს არის ამორალური ფარისევლობა და მათ არაფერი ესაქმებათ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებთან," - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი. 

დღის ამბები