27 იანვარი 2023,   21:52
ვრცლად
ყველაფერს ვაკეთებთ 12 პუნქტის შესასრულებლად, ჩვენთვის იმედგაცრუება იყო, როდესაც ივნისში სტატუსი არ მოგვენიჭა - შალვა პაპუაშვილი​

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ევროკავშირის ქვეყნებში ვიზიტს განაგრძობს. შალვა პაპუაშვილი საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად დღეიდან შეხვედრებს ნიდერლანდებში იწყებს. დაგეგმილია შეხვედრები ქვეყნის წარმომადგენლობითი პალატისა და სენატის პრეზიდენტებთან. ვიზიტის ფარგლებში შედგება აუდიენცია სისხლის სამართლის სფეროში ევროკავშირის სამართლებრივი თანამშრომლობის სააგენტოს ხელმძღვანელთანაც. ჰააგადან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ლუქსემბურგს ეწვევა.

როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, ვიზიტების მიზანია პარტნიორებთან საუბარი ევროკავშირის მიერ წარმოდგენილი რეკომენდაციების გარშემო და იმის ჩვენება, თუ რას აკეთებს საქართველო ამ პუნქტების შესასრულებლად.

"ვიზიტების მთავარი მიზანია პარტნიორებთან საუბარი ევროკავშირში საქართველოს წინსვლის კუთხით, ახსნა, რას ვაკეთებთ, რათა 12 რეკომენდაცია დაკმაყოფილდეს. ასევე, ახსნა, რომ ჩვენთვის, რა თქმა უნდა, იმედგაცრუება იყო, როდესაც ივნისში სტატუსი არ მოგვენიჭა. უკვე თანხმობა არის ყველასთან, რომ მართებული გადაწყვეტილება არ იყო, როდესაც საქართველოს სხვანაირად მოეპყრნენ, ვიდრე უკრაინასა და მოლდოვას. ასევე, მხარდამჭერ სიტყვებს ვისმენთ პარტნიორებისგან," - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

ამასთან, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ საქართველოს ევროინტეგრაციისთვის მნიშვნელოვანია ქვეყანას ჰქონდეს ყველა მხრიდან მხარდაჭერა. 

"მნიშვნელოვანია, გვქონდეს ყველა პოლიტიკური ძალის მხარდაჭერა ამ ქვეყნიდან. იმისათვის, რომ აქტიურად მოხდეს ლობირება საქართველოსთვის, შემდგომი ნაბიჯებისთვის პერსპექტივის მინიჭება და კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება ევროკავშირთან ურთიერთობაში," - აცხადებს მაკა ბოჭორიშვილი. 

 

დღის ამბები