07 თებერვალი 2023,   16:40
ვრცლად
ეს ყველაფერი არის წმინდა წყლის პოლიტიკური და პიარული კამპანია, რომლის მიზანია გააჩინონ თანაგრძნობა კონკრეტული პატიმრის მიმართ - ირაკლი კობახიძე

მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადასაყვანად უცხოური პიარ-კომპანიის დაქირავებასთან დაკავშირებით, განცხადებები გაკეთდა მმართველ გუნდში. უმრავლესობაში აცხადებენ, რომ ლობისტური კომპანიის დაქირავება არის მტკიცებულება იმისა, რომ ყოფილი პრეზიდენტის ოჯახი ცდილობს, მიხეილ სააკაშვილმა მართლმსაჯულებას თავი დააღწიოს.

"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე პოლიტიკურ და პიარულ კამპანიაზე საუბრობს და აცხადებს, რომ მისი მიზანი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაა, რათა საბოლოო ჯამში ქვეყანაში ვითარება არიონ. 

"სინამდვილეში, ეს ყველაფერი არის წმინდა წყლის პოლიტიკური და პიარული კამპანია. რომლის მიზანია, გააჩინონ თანაგრძნობა კონკრეტული პატიმრის მიმართ და საბოლოო ჯამში უზრუნველყონ ამ პატიმრის რაღაც ფორმით გათავისუფლება, იმისათვის, რომ ქვეყანაში არიონ ვითარება. მათ დააანონსეს ცხელი შემოდგომა, თუმცა ამას ვერ მიაღწიეს და ახლა აქვთ ერთგვარი ბოლო იმედი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხით და მათ აქვთ ეს განზრახვა, რომ სააკაშვილის გათავისუფლებით, ხელი შეუწყონ ქვეყანაში პოლიტიკური ვითარების არევას. ვერავითარი ლობისტური კამპანიით, ვერც ჩვენ და ვერც საზოგადოებას ისინი ვერ დაარწმუნებენ იმაში, რომ ეს ადამიანი არ არის დამნაშავე, მეორე, რომ მისი გათავისუფლება არის მიზანშეწონილი. ამას არ სჭირდება არც პიარი და არც პოლიტიკური კამპანია. ამას სჭირდება სამედიცინო დასკვნა და დიაგნოზი. პიარის თემა უნდა იყოს ის, რომ შეაცოდონ ხალხს სააკაშვილი იმისათვის, რომ რაღაც ფონი შექმნან მისი გათავისუფლებისთვის. ეს არის პრინციპულად არასწორი. პატიმარი უნდა იხდიდეს სასჯელს კანონის შესაბამისად და არავითარი პიარ კამპანიები არ უნდა იყოს," - აცხადებს ირაკლი კობახიძე.

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე, რატი იონათამიშვილი აცხადებს, რომ თუ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა  ნამდვილად საყურადღებო იყო, ამ შემთხვევაში პიარ კამპანიების წარმოება არავის დასჭირდებოდა.

"ფაქტია, რომ თუ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო მართლაც საყურადღებო, მაშინ არავის დასჭირდებოდა არც პიარ კომპანიების დაქირავება და არც პიარ კამპანიების წარმოება. ეს ნიშნავს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" და ეს ადამიანი გადიან გზას მოდელირებული ქრონიკიდან მოდელირებულ გადაყვანამდე და მთელი ის დისკუსია, რაც ამ ადამიანის ჯანმრთელობის ირგვლივ იყო წარმოებული, იყო მხოლოდ და მხოლოდ ცუდ წარმოდგენებზე დამყარებული, უარგუმენტო და შესაბამისად, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ მათ მხოლოდ ერთადერთი მიზანი ჰქონდათ, რომ კანონის უზენაესობა არ მომხდარიყო და რამენაირად, მართლმსაჯულებისთვის დაეღწია თავი მიხეილ სააკაშვილს," - აცხადებს რატი იონათამიშვილი.

დღის ამბები