07 თებერვალი 2023,   15:05
ვრცლად
უნდა გადაიდოს თუ არა თავმჯდომარის არჩევნები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო - როგორი პოზიცია აქვთ "ნაციონალურ მოძრაობაში

"ნაციონალურ მოძრაობაში" ისევ დაპირისპირებაა. ორ ბანაკად გაყოფილ პარტიაში არ აქვთ კონკრეტული პოზიცია, უნდა გადაიდოს თუ არა თავმჯდომარის არჩევნები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.

ნაწილი თვლის, რომ ამაზე პოლიტსაბჭომ უნდა იმსჯელოს, ნაწილი კი ამბობს, რომ რაც უფრო მალე ჩატარდება არჩევნები, უკეთესია.

"საუბარია ტექნიკურ შესაძლებლობებზე, ამ ბლოქჩეინის სისტემით რამდენად მოესწრება ეს ახალ წლამდე. რაც უფრო ადრე ჩატარდება უკეთესია, რადგან გადადებული საქმე არის გადადებული პრობლემები და დაკარგული დრო,"- აცხადებს პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" წევრი რომან გიცირიძე. 

ფრაქციის კიდევ ერთი წევრი ანა წითლიძე კი აცხადებსა, რომ მისთვის მთელ ამ მიმდინარე პროცესებში უმთავრესი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაა. 

იმ აზრს, რომ არჩევნები პარტიის შიგნით ძალიან სწრაფად უნდა ჩატარდეს - ეთანხმება ლევან ხაბეიშვილიც. 

"პარტიას უნდა ჰყავდეს თავმჯდომარე, რომელსაც ექნება ლეგიტიმაცია და მხარდაჭერა. ასე დე ფაქტოდ გაგრძელება წარმოუდგენელია და ამიტომ, არა თუ უნდა გადაიდოს არჩევნები, არამედ ძალიან სწრაფად უნდა დასრულდეს," - აცხადებს პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" წევრი ლევან ხაბეიშვილი.

დღეს, "ნაციონალური მოძრაობის" სამუშაო ჯგუფი დასკვნით შეხვედრას მართავს, რომელზეც უნდა გაირკვეს, თუ რომელ პლატფორმას გამოიყენებენ არჩევნებისთვის. დაპირისპირებული მხარეები  ასევე ვერ თანხმდებიან, ხმის მიცემის პროცესი ღია უნდა იყოს თუ ფარული.

დღის ამბები