05 დეკემბერი 2022,   06:38
ვრცლად
ევროკავშირის 27 ქვეყანა და 17 პარტნიორი სახელმწიფო, მათ შორის საქართველო - ცივილიზებული დასავლეთი რუსეთის წინააღმდეგ დღეს პრაღაში გაერთიანდა

ევროკავშირის წევრი 27 ქვეყანა და პარტნიორი 17 სახელმწიფო - ჩეხეთის დედაქალაქი ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობის პირველ სამიტს მასპინძლობს.

სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან ერთად სამიტში საქართველოს პრემიერ-მინისტრიც მონაწილეობს. ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული პოლიტიკური გაერთიანების პირველი შეხვედრის პლენარული სესიის გახსნის ღონისძიებას დაესწრო.

ევროპა კვლავ ცდილობს ერთობლივად უპასუხოს იმ გამოწვევებს, რაც საფრთხეს უქმნის გლობალური უსაფრთხოების არქიტექტურას.

მნიშვნელოვანი დისკუსიები სამიტის ფორმატში ევროპულ სამეზობლო პოლიტიკას ეხება. პრემიერი სამიტს სოციალური ქსელითაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ახალი ინიციატივა ხელს შეუწყობს საქართველოს პროგრესს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.

44 სახელმწიფოსთან ერთად საქართველო, "ევროპული პოლიტიკური გაერთიანების" საძირკველს აშენებს. 6-7 ოქტომბერს პრაღა ევროპის  ცენტრის ფუნქციას შეასრულებს. დისკუსიები მრგვალი მაგიდის ფორმატში და თემატური პანელები - ევროპის კონტინენტზე მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. პანელებში მონაწილეობის პარალელურად საქართველოს პრემიერი ორმხრივ შეხვედრებსაც გამართავს.

მშვიდობა და უსაფრთხოება - სწორედ ამ სახელწოდებით გაიმართა დღეს თემატური პანელი, რომელსაც საქართველო თანათავმჯდომარეობდა. პრემიერი დისკუსიას ესტონელ კოლეგასთან ერთად გაუძღვა, რომელსაც ევროპული პოლიტიკური გაერთიანების ქვეყნების ლიდერებიც ესწრებოდნენ. დისკუსიის ფარგლებში, განიხილეს არსებული გეოპოლიტიკური ვითარება, უკრაინაში მიმდინარე სამხედრო მოქმედებები. ისაუბრეს იმ გამოწვევებზე, რომელიც საფრთხეს უქმნის გლობალური უსაფრთხოებას. პრემიერმა აღნიშნა, რომ პლატფორმაში მონაწილეობა საქართველო ევროკავშირს შორის არსებული მნიშვნელოვანი პარტნიორობის ცხადი დადასტურებაა.

მშვიდობა ევროპისთვის პრიორიტეტია, ეს გზავნილი ლიდერებმა პრაღაში მკაფიოდ გააჟღერეს. ითქვა ისიც , რომ ახლა მსოფლიო წესრიგს გამოკვეთილი მტერი, ვლადიმერ პუტინი ჰყავს. როგორ უნდა უპასუხოს ცივილიზებულმა მსოფლიომ, რუსეთის აგრესიას? - მასპინძელი ქვეყნის პრემიერ მინისტრმა, სამიტის გამხსნელ სიტყვაში, სწორედ ამ თემებზე ისაუბრა.

მშვიდობას რომ ევროპული საერთო მომავლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, ეს ფაქტი მკაფიოდ გამოჩნდა ალიევისა და ფაშინიანის შეხვედრის ორგანიზებაშიც. ევროპელი ლიდერები არაფორმალური შეხვედრებისას და ასევე განცხადებებითაც ლიბერალური ღირებულებების დაცვის მნიშვნელობას უსვამენ ხაზს.

საქართველო ერთ-ერთია იმ ქვეყნებს შორის, რომლებმაც ევროკავშირის წევრობაზე ღიად განაცხადეს. ახალი პლატფორმა, როგორც პარტნიორები აცხადებენ საქართველომ მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს. საერთო ღირებულებების შესრულება, დასავლელი ლიდერების შეფასებით, საქართველოს ევროკავშირთან კიდევ უფრო მეტად აახლოებს.

ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობის პირველი სამიტი პრაღაში ხვალაც გაგრძელდება.

დღის ამბები