06 დეკემბერი 2022,   07:40
ვრცლად
პარლამენტის წევრი, პროფესორი, ადვოკატები, დროებით უმუშევარი - როგორ გამოიყურება ომბუდსმენობის მსურველი კანდიდატების 19 კაციანი სია

სახალხო დამცველის 19 კაციანი კანდიდატთა სია უკვე ცნობილია. ომბუდსმენობის მსურველები იურისტებთან ერთად არასამთავრობო ორგანიზაციებიდანაც არიან. კანდიდატთა სიაში მოხვდნენ ის წევრებიც, რომლებზეც რეკომენდაცია მესამე სექტორის მხრიდან ერთობლივად გაიცა. სიაშია მოქმედი ომბუდსმენის მოადგილე და პარლამენტის დეპუტატი იაგო ხვიჩიაც.

კანდიდატთა სიის გამოქვეყნების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ პირველი შეხვედრა შემფასებელ კომისიასთან გამართა. 9 კაციანი ჯგუფის წევრები "კურიერთან" ამბობენ, რომ გადაწყვეტილების მიღებისას ინდივიდუალურად იხელმძღვანელებენ. დამოუკიდებლობა, რეპუტაცია, კომპეტენცია და გამოცდილება კი შეფასებისას მთავარი განმსაზღვრელი იქნება. საბოლოო დასკვნისთვის მათ დრო 13 ოქტომბრამდე აქვთ.

შალვა პაპუაშვილის თქმით, პროცესის ობიექტურად წარმართვისთვის ხელისშემშლელი გარემოება არ იკვეთება, მისივე განმარტებით, ამის დასტურია ისიც, რომ ოპოზიციისგან როგორც პროცედურაზე, ასევე კომისიის დაკომპლექტებისას მკაცრი კრიტიკა არ გამოთქმულა.

ოპოზიციის ნაწილი პირობას არ ცვლის და მხარდაჭერას მხოლოდ მესამე სექტორის მიერ წარმოდგენილი კანდიდატებიდან ერთ-ერთზე გეგმავს. დაგეგმილია კონსულტაციები საერთო კანდიდატზე შესაჯერებლად. ნაწილი მათგანი კი გადაწყვეტილების მიღების პროცესში დამოუკიდებლად იხელმძღვანელებს. მთავარი კრიტერიუმი დამოუკიდებლობა და ობიექტურობა იქნება.

"ქართულ ოცნებაში" არ გამორიცხავენ, რომ უმრავლესობა და ოპოზიცია საერთო კანდიდატზე შეჯერდეს. მმართველ გუნდში რომელიმე კანდიდატის მიმართ სიმპატიაზე არ საუბრობენ, თუმცა ევროკომისიის ერთ-ერთი რეკომენდაციის შესრულების გამო ოპონენტებთან ერთად საკითხზე კონსესუსის მისაღწევად მზაობას გამოთქვამენ.

მას შემდეგ, რაც შემფასებელი კომისია კანდიდატებზე საბოლოო დასკვნას გამოაქვეყნებს, ოპოზიციას მინიმუმ 7 კანდიდატის წარდგენა შეეძლება. სწორედ ამის შემდეგ ჩაერთვება პროცესში უმრავლესობა, რათა საბოლოოდ შეირჩეს ომბუდსმენი, რომელსაც ადამიანის უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის მუშაობა მომდევნო 5 წლის განმავლობაში მოუწევს.

დღის ამბები