



ხანძართან ბრძოლის ერთი კვირა - უკვე მეშვიდე დღეა ბორჯომში სამაშველო ოპერაცია გრძელდება. შსს-ს ინფორმაციით, ამ დროისთვის ხანძრის ლიკვიდირებული და ლოკალიზებული კერები უფრო მეტია, ვიდრე აქტიური კერების რაოდენობა - ამასთან დილიდან მუშაობა განაახლეს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებმა და სამმა თურქულმა თვითმფრინავმა.
ხეობაში პერიოდულად ისევ ფიქსირდება ძლიერი ქარი, რაც ხანძრის ქრობის პროცესს ხელს უშლის- ამის მიუხედავად ხანძრის არეალი არ გაფართოებულა და მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.
"მეხანძრე-მაშველები 24 საათის განმავლობაში მუდმივად ამუშავებენ ხანძრის კერებს, არის ლიკვიდირებული ზონები, არის ასევე ლოკალიზებული და აქტიური ზონებიც. ამ ეტაპზე ლიკვიდირებული ზონები ჭარბობს აქტიურს. ხანძრის ქრობის პროცესს ართულებს რელიეფი, სადაც მეხანძრე-მაშველები ვერ ახერხებენ ხანძრის კერების დამუშავებას. დილიდან ჩართულია ავიაცია და მათი საშუალებით ხდება მიუდგომელი ხანძრის კერების ლოკალიზაცია და ლიკვიდაცია,"- აცხადებს საგანგებო სიტუაციების მართვის თბილისის სამმართველოს უფროსი ლევან მუსელიანი.
ავტორი: სანდრო სანაია.