



დღეიდან, თელავში, რთველის საკოორდინაციო შტაბი 24 საათიან რეჟიმში იმუშავებს. შტაბი კოორდინაციას გაუწევს რთველის ორგანიზებულად ჩატარებას, ჩასაბარებელი ყურძნის აღრიცხვიანობისა და მიკვლევადობის უზრუნველყოფის სამუშაოებს.
ყურძნის აღრიცხვა ერთიან ელექტრონულ სისტემაში მოხდება. აღნიშნული სისტემა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ 2013 წლიდან დაინერგა და მას შემდეგ ეფექტიანად ფუნქციონირებს.
შტაბის გახსნას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, ღვინის ეროვნული სააგენტოს, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლებისა და ღვინის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლები დაესწრნენ.
მთავრობის გადაწყვეტილებით, სუბსიდიას მიიღებს ღვინის კომპანია, რომელიც, 2022 წლის რთველის განმავლობაში, შეისყიდის და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ არანაკლებ 100 ტონა რქაწითელის ან კახური მწვანის ჯიშის ყურძენს და შესყიდული 1 კგ ყურძნის სანაცვლოდ, ყურძნის ჩამბარებელს გადაუხდის არანაკლებ 90 თეთრს. ღვინის კომპანიებზე სუბსიდია გაიცემა 1 კგ რქაწითელისაა და კახური მწვანისთვის - 0,35 ლარი. მოსავლის დაბინავებაში, წელს, 300-მდე ღვინის საწარმო იქნება ჩართული.