



პირველად საქართველოში, 2 ქართული კომპანია ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსის მფლობელი გახდა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა ლევან კაკავამ საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიებს - შპს "ქართულ სადისტრიბუციო-მარკეტინგულ კომპანიასა" და შპს "ჰავი ლოჯისტიკსს" ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადასცა.
ახალი სტატუსი კომპანიებს ახალ გამარტივებულ საბაჟო შესაძლებლობებს სთავაზობს, კერძოდ; ავტორიზაციის მფლობელის მფლობელობაში არსებული საქონლის მიმართ საბაჟო ფორმალობების განხორციელებისას შემცირდება საქონლის ფიზიკური დათვალიერებისა და დოკუმენტური შემოწმების სიხშირე, ხოლო საბაჟო გაფორმების პროცედურები პრიორიტეტული წესით შესრულდება.
აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმებით, საქართველომ აიღო სამართლებრივი ვალდებულება, ეტაპობრივად მოახდინოს საბაჟო პროცედურების ევროპულ რეგულაციებთან დაახლოება.
ამასთან, აღნიშნული პროცესი ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის კონცეფციის იმპლემენტაციასაც გულისხმობს და ის საბაჟო სისტემასა და ბიზნესს შორის პარტნიორულ ურთიერთობას ეფუძნება.