05 ოქტომბერი 2022,   16:35
ვრცლად
საქართველოსა და სომხეთს შორის ახალი მეგობრობის ხიდი გაიდო, სადახლო-ბაგრატაშენის გამშვებ პუნქტთან ძველი ხიდი 160 მეტრიანი, ოთხზოლიანი ხიდით ჩანაცვლდა

განახლებულმა სომხეთ-საქართველოს დამაკავშირებელმა ხიდმა პირველი მგზავრები უკვე გაატარა.

მეგობრობის ხიდი, რომელიც დღეს ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ერთობლივად გახსნა, სახელმწიფოებს შორის დამაკავშირებელი გზის გარდა, ორი ქვეყნის მრავალწლიანი თანამშრომლობისა და მეგობრობის ერთგვარი სიმბოლოცაა. ორი ქვეყნის პრემიერმა ხიდი ერთობლივად დაათვალიერა. სწორედ სომხეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების გაღრმავება იყო ის მთავარი საკითხი, რაზეც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ოფიციალურ ცერემონიაზე ყურადღება გაამახვილა.

ხიდის გახსნის ოფიციალურ ცერემონიაში მონაწილეობა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა და მისმა დელეგაციამაც მიიღო. ნიკოლ ფაშინიანმა ღონისძიების მონაწილეებს სიტყვითაც მიმართა. სომხურ-ქართული სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების სამომავლოდ გაღრმავებისთვის სომხეთის პრემიერმა ორ ქვეყანას შორის კიდევ უფრო აქტიური თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.

იქამდე, სანამ ხიდს ორი ქვეყნის პრემიერი ერთობლივად გახსნიდა, პირისპირ შეხვედრაც გაიმართა. ოფიციალური ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოსა და სომხეთს შორის არსებული თანამშრომლობის დღის წესრიგის ძირითადი საკითხები მიმოიხილეს, მათ შორის, საუბარი შეეხო თანამშრომლობას სავაჭრო-ეკონომიკურ, სატრანსპორტო, ლოგისტიკისა და კულტურის სფეროებში. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სომეხ კოლეგას ერევანში მომხდარი ტრაგედიის გამო მიუსამძიმრა.

სომხეთ-საქართველოს შორის დამაკავშირებელი ახალი ხიდი 4 ზოლიანი და 160 მეტრი სიგრძისაა, პროექტის ფარგლებში მოეწყო ტროტუარები ფეხით მოსიარულეთათვისაც. მეგობრობის ხიდი რეგიონში უნიკალურია, იმ თვალსაზრისით, რომ ხიდის ერთი ნაწილი საქართველოს, მეორე კი სომხეთის ტერიტორიაზე მდებაორეობს.

მეგობრობის ხიდის მშენებლობისთვის საქართველოსა და სომხეთს ფინანსური მხარდაჭერა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა აღმოუჩინა. სამშენებლო სამუშაოებისთვის 7,4 მეათედი მილიარდი ევრო გამოიყო და 2-ვე ქვეყანაზე თანაბრად გადანაწილდა.

სადახლო-ბაგრატაშენის გამშვებ პუნქტთან არსებული ძველი ხიდი 60-იან წლებშია აშენებული, ის ამორტიზებული იყო. ახალი, ე.წ. მეგობრობის ხიდის გამტარობა კი გაორმაგებულია, რაც მთავრობის მეთაურის თქმით, მნიშვნელოვნად გაზრდის ორ მეზობელ ქვეყანას შორის როგორც სატვირთო მიმოსვლას, ისე ტურისტების გადაადგილებას, პარალელურად ხელს შეუწყობს სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებას.

დღის ამბები