27 სექტემბერი 2022,   09:46
ვრცლად
ალექსეი ნავალნი შეხსნილი ღილის გამო დასაჯეს და იზოლატორში გადაიყვანეს

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში საჯარიმო იზოლატორში გადაიყვანეს. როგორც ნავალნის ინსტაგრამზეა ნათქვამი, ამის მიზეზი ციხის ფორმაზე შეხსნილი ღილი გახდა.

ოპოზიციონერი 3 დღით დასაჯეს, თუმცა როგორც ციხის ხელმძღვანელობამ განუცხადა, ვადა შეიძლება გაგრძელდეს, თუ ის თავის საქციელს არ გადახედავს.

როგორც ნავალნი წერს, ბალიშს და ლეიბს დილის 5 საათზე ართმევენ. კალამს და ფურცელს კი მხოლოდ 1 საათითა და 15 წუთით აძლევენ.

ალექსეი ნავალნი რუსეთში 2021 წლის იანვარში გერმანიიდან დაბრუნდა, სადაც ის "ნოვიჩოკით" მოწამვლის შემდეგ მკურნალობდა. ის აეროპორტში დააკავეს და "ივ როშეს" საქმეზე რეალური სასჯელის მოსახდელად ვლადიმირსკის ოლქის ციხეში გადაიყვანეს. ამ საქმეზე სასჯელის ვადა ნავალნის 2023 წელს უმთავრდებოდა, თუმცა მორიგი განაჩენით მას 9 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

მიმდინარე წლის მაისში მას  ბრალი კიდევ ერთი სისხლის სამართლის საქმეზე წაუყენეს - მას ექსტრემისტული საზოგადოების შექმნაში ადანაშაულებენ. ამჯერად, ნავალნის 15-წლიანი პატიმრობა ემუქრება.

ალექსეი ნავალნი და მისი თანამოაზრეები ოპოზიციის ლიდერის წინააღმდეგ მიმდინარე პროცესებში კრემლს და პირადად ვლადიმირ პუტინს ადანაშაულებენ.

დღის ამბები