02 ოქტომბერი 2022,   20:59
ვრცლად
პროკურატურამ ყოფილი მეუღლის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე, 1 პირს ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ ყოფილი მეუღლის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე, 1 პირს  ბრალდება წარუდგინა

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 12 აგვისტოს, ბრალდებულმა, ქ. ოზურგეთში, სახლში მიაკითხა ყოფილ მეუღლეს, რომელთანაც შერიგებისა და თანაცხოვრების ერთად გაგრძელების თაობაზე მოუხდა კამათი, რაც კონფლიქტში გადაიზარდა. ბრალდებული დაზარალებულს, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, მათი არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, ფიზიკურად გაუსწორდა, რის შემდეგაც, მჭრელი, ბასრი საგნით სხეულზე მრავლობითი ჭრილობები და სხვა დაზიანებები მიაყენა. დაზარალებული შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.  

ბრალდებული ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობისთვის და სისტემატური შეურაცხყოფისთვის ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018, 2020 და 2021 წლების განაჩენებით იყო მსჯავრდებული. სამივე საქმეზე პროკურატურა ითხოვდა პატიმრობას, საქმეები არსებითი განხილვით დასრულდა და აღნიშნულ საქმეებზე, ბრალდებულს მისჯილი ჰქონდა თავისუფლების აღკვეთა. გარდა ამისა, დაზარალებულზე განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობისთვის 2018 და 2021 წლებში მის მიმართ გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერები.

აქვე აღსანიშნავია, რომ ი.ტ.-ს მიერ ბოლო სასჯელის მოხდის შემდგომ, კერძოდ, 21 აპრილს პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ, მკვლელობის ჩადენამდე, დაზარალებულს ბრალდებულის მიმართ რაიმე საჩივრით სამართალდამცავებისთვის არ მიუმართავს.

ი.ტ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 109-ე მუხლის „თ“, „კ“ და „მ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა გენდერის ნიშნით, ოჯახის წევრის მიმართ, ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა, რაც 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

გარდაცვლილის მცირეწლოვან შვილთან, საგამოძიებო ორგანოების ჩართულობით მუშაობენ ფსიქოლოგი და  სოციალური მუშაკი. დაზარალებულის გამოკითხვა და სხვა საგამოძიებო მოქმედებები არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, ასევე ფსიქოლოგის მონაწილეობით ჩატარდება.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

აქვე, მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი და იმგვარი ინფორმაციის გავრცელებისგან, რამაც შესაძლოა დაზარალებულებში ნიჰილიზმი გააჩინოს, რასაც შედეგად მსხვერპლის მხრიდან მოძალადის მხილების და სამართალდამცავი ორგანოებისადმი მიმართვისგან თავშეკავება მოჰყვება. აღსანიშნავია, რომ ასეთ დროს დაზარალებულის მხრიდან ნდობა სამართალდამცავი უწყებებისადმი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

პროკურატურა მსგავსი კატეგორიის საქმეებზე უმკაცრეს სისხლის სამართლის პოლიტიკას ახორციელებს, რასაც მომავალშიც გააგრძელებს. მნიშვნელოვანია, რომ დანაშაულის ჩამდენი პირი კანონის სრული სიმკაცრით დაისაჯოს და მართლმსაჯულება აღსრულდეს,"-ნათქვამია უწყების განცხადებაში. 

დღის ამბები