05 ოქტომბერი 2022,   15:45
ვრცლად
სალმან რუშდის მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია - ცნობილ მწერალზე მომხდარ თავდასხმას საერთაშორისო საზოგადოება შოკისმომგვრელს უწოდებს

ცნობილია დამნაშავე, დანაშაულის უცნობი მოტივით - რატომ გაიმეტა 24 წლის ჰადი მატარმა სასიკვდილოდ სალმან რუშდი?

სანამ გამოძიება მომხდარის დეტალებს იკვლევს, მწერალი გადარჩენისთვის სამედიცინო დაწესებულებაში იბრძვის. მისი მდგომარეობა კრიტიკულია.

რუშდის, მისი ნაწარმოებების გამო წლების განმავლობაში მუსლიმი რადიკალები სიკვდილით ემუქრებოდნენ. 33 წლის წინ კი ირანის მაშინდელმა უზენაესმა ლიდერმა, ფატვაც გამოსცა, რელიგიური განკარგულება, რომლითაც აიათოლა ჰომეინი მუსლიმებს მწერლის მოკვლას მოუწოდებდა - წლების შემდეგ შესრულებული ბრძანება თუ პირადი ანგარიშსწორება? კითხვას პასუხი გამოძიებამ უნდა გასცეს.

მომხდარ თავდასხმას შემზარავსა და შოკისმომგვრელს უწოდებს საერთაშორისო საზოგადოება. თავდასხმის ფაქტს არაერთი ცნობილი ადამიანი გამოეხმაურა, მათ შორის არიან ხალიდ ჰოსეინი, სტივენ კინგი, ჯე ქეი როულინგი, ნილ გეიმანი და კაზუო იშიგურო. ასევე მწუხარება გამოხატეს თეთრი სახლის ადმინისტრაციამ, საფრანგეთის პრეზიდენტმა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.

"შეძრწუნებული ვარ, რომ სერ სალმან რუშდი იმ უფლების გამოყენების დროს დაჭრეს, რომლის დაცვაც არასდროს უნდა შევწყვიტოთ. ყველას იმედი გვაქვს, რომ ის კარგად იქნება," - წერს ბორის ჯონსონი.

 

ავტორი: ანნა ტურავა

დღის ამბები