



თეთრი არაგვის ხეობაში ისევ ეძებენ შავ ყუთს, რომლის მონაცემები გამოძიებას ორი დღის წინ მომხდარი ორმაგი ტრაგედიის მიზეზების გარკვევაში უნდა დაეხმაროს. ხეობაში ახლა მხოლოდ მი-8 ტიპის ვერტმფრენის დამწვარი ნამსხვრევებია დარჩენილი. საქართველოში გუშინ გლოვის დღე იყო.
ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად პილოტების, მაშველების და ექიმების, პაკისტანელი ტურისტის, ჯამში 9 ადამიანის დაღუპვამ, საზოგადოება შეძრა. ცხედრები ოჯახებში ჯერ არ გადაუსვენებიათ.
თეთრი არაგვის ხეობაში ტრაგედიის ადგილას სამაშველო ღონისძიებები უკვე დასრულებულია, ამოსვენებულია ცხედრები და უკვე მოხდა მათი იდენტიფიცირება და ექსპერტიზის ბიუროში ისინი გუშინვე გადაასვენეს. სავარაუდოდ მათი გადასვენება საკუთარ ოჯახებში დღის განმავლობაში მოხდება.
ცნობილია, რომ სამაშველო ღონისძიებაში მი-8 ტიპის ვერტმფრენით ეკიპაჟის 4 წევრი, ასევე 2 მაშველი და 2 ექიმი ჩაერთო.
მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზის საავტომობილო მონაკვეთზე, ბოლო 2 დღის განმავლობაში საგამოძიებო და სამაშველო მოქმედებებიდან გამომდინარე გადაადგილება შეზღუდული იყო, თუმცა ამ დროისთვის გზა უკვე არის გახსნილი.