03 თებერვალი 2023,   17:25
ვრცლად
არსებობენ სერიოზული ძალები, რომლებიც, სამწუხაროდ, არიან დაინტერესებული იმით, რომ კავკასიაში იყოს მეორე ფრონტი გაჩაღებული - თბილისში გამოჩენილ ბანერებს მმართველ გუნდში ეხმაურებიან

თავის მართლების კამპანია - ასე ეხმაურება მმართველი გუნდი თბილისში გამოჩენილ ბანერებს წარწერით "რუსეთს უნდა ომი და არა დასავლეთს“. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დავით მათიკაშვილის თქმით, მას შემდეგ, რაც გარკვეულ ძალებს და "ნაციონალურ მოძრაობას" არ გამოუვიდათ საქართველოს ომში ჩათრევა, ახლა თავის მართლების კამპანია დაიწყეს.  

"მას შემდეგ, რაც ნაციონალურმა მოძრაობამ და მისთვის დავალებების მიმცემებმა ვერ შეასრულეს მიზანი და საქართველო ვერ ჩართეს ომი, დღეს ისინი, ნაციონალური მოძრაობა, დასავლეთს ამოფარებულები დგანან და თავის მართლების კამპანიას აწარმოებენ. ქართულ ოცნებას არასდროს არ უთქვამს, რომ დასავლეთი არის ომის ინიციატორი, ეს არასდროს არ თქმულა. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ არსებობენ სერიოზული ძალები, რომლებიც სამწუხაროდ, არიან დაინტერესებული იმით, რომ საქართველოში, კავკასიაში, იყოს მეორე ფრონტი გაჩაღებული,“ - ამბობს დავით მათიკაშვილი.   

დღეს დედაქალაქში გამოჩნდა ბანერები წარწერით "რუსეთს უნდა ომი და არა დასავლეთს“. ინიციატორი "კოალიცია ინფორმაციის სანდოობისთვის“ არის, რომელიც რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს.

"ჩვენი ომის მეხსიერება, ის რაც 2008-ში საქართველომ გადაიტანა, კიდევ უფრო აქტუალური ხდება. ამიტომ, საზოგადოებისთვის იმის შეხსენება, რომ სინამდვილეში ვინ არის რეალური მტერი, ეს ჩემი აზრით, არასდროს არ არის ზედმეტი,“ - ამბობს კოალიციის ”ინფორმაციის სანდოობისთვის” წევრი ”ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტიდან" ანტონ ვაჭარაძე. 

 

დღის ამბები