05 დეკემბერი 2022,   04:55
ვრცლად
რუსული სისასტიკე ახალ ფორმებს იძენს - უკრაინაში ომის 157-ე დღეს, საჰაერო განგაშის ხმა თითქმის მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე ისმოდა 

უკრაინაში ომის 157-ე დღეს, საჰაერო განგაშის ხმა დილიდან თითქმის მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე ისმოდა. სარაკეტო დარტყმების საფრთხის გამო მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებენ. მძიმე ბრძოლების ეპიცენტრში კვლავ დონეცკის ოლქია. გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსულმა ჯარებმა ავიაიერიში მიიტანეს ოლქის 17 დასახლებაზე, დაღუპულია 6, დაშავებულია 15 ადამიანი. დაზიანებულია 52 სამოქალაქო ობიექტი, მათ შორის საცხოვრებელი კორპუსები, სარკინიგზო ინფრასტრუქტურა და ადგილობრივი საავადმყოფო.

მძიმე ბრძოლები გრძელდება ლუჰანსკის ოლქის ტერიტორიაზეც - გასული დღის განმავლობაში რუსულმა ჯარებმა 7-ჯერ დაბომბეს ოლქის სასაზღვრო ტერიტორია.

რუსული ჯარებმა ავიაიერიშები მიიტანეს ხარკივის ოლქში, სლობოდსკის რაიონში მდებარე სკოლაზე. შედეგად, სამსართულიან შენობის უმეტესი ნაწილი დაზიანდა. ადგილზე გაჩენილი მასშტაბური ცეცხლის ჩაქრობას 100-ზე მეტი მეხანძრე რამდენიმე საათი ცდილობდა. ოკუპანტებმა ცეცხლი გახსნეს იზიუმის მიმართულებითაც. გასული დღე-ღამის განმავლობაში, ხარკოვის ოლქის მასშტაბით განადგურდა 50-ზე მეტი სამოქალაქო ობიექტი, მათ შორის საცხოვრებელი სახლები.

8-მდე გაიზარდა გუშინ საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებაზე მომხდარი აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი ქალაქ მიკოლაივში. შემთხვევის შედეგად დაშავებულია 19 ადამიანი, ისინი ამ დროისთვის საავადმყოფოში მკურნალობენ. კიდევ ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა ქალაქში დღეს დილით მომხდარ აფეთქებას. 

გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსული ძალების მიერ ინტენსიურად იბომბებოდა დნეპროპეტროვსკის ოლქიც. ოკუპანტებმა 80-ზე მეტი გასროლა განახორციელეს ნიკოპოლის დასახლებებზე. შედეგად დაზიანებულია ათობით საცხოვრებელი სახლი და კომერციული შენობა. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება.

უკრაინის მთავრობა და საერთაშორისო საზოგადოება ტერორისტულ აქტად აფასებს გუშინ, ოლენივკაში მომხდარ სამხედრო ტყვეების წამებისა და სიკვდილით დასჯის ფაქტებს და ომის დანაშაულების დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვს.

უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ოდესაში უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის აღდგენის სამუშაოები დაიწყო. უწყების თანახმად, მარცვლეულით დატვირთული 10 გემი უკრაინის პორტებიდან გასასვლელად უკვე მზად არის. უკრაინის მთავრობა მარცვლეულის ექსპორტთან დაკავშირებული ხელშეკრულების უსაფრთხოდ განხორციელებაზე პასუხისმგებლობას გაეროს, თურქეთსა და სხვა საერთაშორისო პარტნიორებს აკისრებს.

ავტორი: ანა ტურავა

დღის ამბები