03 თებერვალი 2023,   16:58
ვრცლად
მიდის თუ არა ქართული პოლიტიკიდან მიხეილ სააკაშვილი - მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის ადვოკატის სკანდალური განცხადება

მიხეილ სააკაშვილი "ნაციონალურ მოძრაობასა" და პოლიტიკაზე უარს ამბობს - ექსპრეზიდენტის ადვოკატი აცხადებს, რომ ეს ინფორმაცია მას თავად სააკაშვილმა ბოლო შეხვედრაზე დაუდასტურა. ვალერი გელბახიანი თქმით, სააკაშვილს მიაჩნია, რომ რესურსი ამოწურა, თუმცა მხოლოდ საქართველოში, რადგან პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელებას უკრაინაში აპირებს.

ადვოკატის განცხადებაზე სააკაშვილის დედა ვერაფერს ამბობს. გიული ალასანიამ შვილი დღეს მოინახულა, მაგრამ ამბობს, რომ პოლიტიკურ თემებზე სააკაშვილი მასთან არა, არამედ სხვა ვიზიტორებთან მსჯელობს. ალასანია არ გამორიცხავს, რომ ინფორმაცია ნამდვილი იყოს.

როგორც ჩანს ამ თემაზე სააკაშვილს არც თანაპარტიელებთან უსაუბრია - "ნაციონალურ მოძრაობაში" ამტკიცებენ, რომ პარტიიდან ან პოლიტიკიდან დისტანცირების შესახებ განცხადება ექსპრეზიდენტისგან არ მოუსმენიათ.

მმართველი გუნდისთვის კი, ადვოკატის განცხადება კიდევ ერთი არგუმენტია ისაუბროს "ნაციონალური მოძრაობის" პარტიულ პრობლემებზე. "ქართულ ოცნებაში" მიაჩნიათ, რომ მსგავსი ინფორმაციის გახმოვანების მიზანია, ყურადღების მიღმა დარჩეს მიხეილ სააკაშვილის სამართლებრივი საქმეები.

სხვა პოლიტიკურ ძალებში კი მიაჩნიათ, რომ ექსპრეზიდენტის შესაძლო გადაწყვეტილება დეპოლარიზაციისთვის ხელშემწყობი ფაქტორი იქნება.

"ქართულ ოცნებაში" განმარტავენ, რომ მიხეილ სააკაშვილს კანონის წინაშე პასუხისგება მოუწევს, მიუხედავად იმისა, ექნება თუ არა პოლიტიკური და პარტიული ამბიციები.

შორდება თუ არა მიხეილ სააკაშვილი საკუთარ პარტიას და პოლიტიკას, თავად მიმართვა არ გაუვრცელებია. თუმცა უკვე რამდენიმე დღეა მისი გარემოცვა, მათ შორის შვილი, ექსპრეზიდენტის პოლიტიკიდან წასვლის შესახებ გადაწყვეტილებაზე საუბრობს.

დღის ამბები