01 დეკემბერი 2022,   17:00
ვრცლად
ოდესაში უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის აღდგენის სამუშაოები დაწყებულია - ვოლოდიმირ ზელენსკი

"ოდესაში უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის აღდგენის სამუშაოები დაწყებულია" - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა საღამოს ტრადიციულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, პროცესის უსაფრთხო წარმართვაზე პასუხისმგებლობა გაეროს, თურქეთს და სხვა საერთაშორისო პარტნიორებს ეკისრებათ. ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიდევ ერთხელ მიმართა შეერთებულ შტატებს თხოვნით, რუსეთი იურიდიულად იქნეს აღიარებული, როგორც ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფო.

"მოვისმინე ცნობები დონეცკის ოლქში, ოლენივკას დასახლებაზე ოკუპანტების თავდასხმის შესახებ. ეს არის მიზანმიმართული რუსული ომის დანაშაული, უკრაინელი სამხედრო ტყვეების განზრახ მასობრივი მკვლელობა, 50-ზე მეტი დაღუპული… როდესაც აზოვსტალის დამცველებმა დატოვეს ქარხანა, გაერო და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი მოქმედებდნენ როგორც ჩვენი ჯარისკაცების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გარანტი. ახლა გარანტორებმა რეაგირება უნდა მოახდინონ - მათ უნდა დაიცვან ასობით უკრაინელი სამხედრო ტყვე.

ასევე, დავამატებ: რუსეთი იურიდიულად, მკაფიოდ უნდა იქნას აღიარებული, როგორც ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფო, განსაკუთრებით მივმართავ ამერიკის შეერთებულ შტატებს - ამ საკითხის გადაწყვეტა საჭიროა ახლავე.

დღეს ოდესაში უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის აღდგენის სამუშაოები დაიწყო. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, არამხოლოდ ჩვენი სახელმწიფოს ეკონომიკური სიძლიერის თვალსაზრისით, არამედ მთელი მსოფლიოსთვის, რათა გავუძლოთ გლობალური სასურსათო კრიზისის ზეწოლას. არ მინდა ამ დროისთვის რაიმე პროგნოზის გაკეთება - ვნახოთ რამდენად განხორციელდება არსებული ხელშეკრულებები. ამ პროცესის უსაფრთხოების მხარეზე გაერო, თურქეთი და სხვა საერთაშორისო პარტნიორები არიან პასუხისმგებელნი,"- აცხადებს ზელენსკი

დღის ამბები