30 იანვარი 2023,   09:44
ვრცლად
"ოცნებიდან" წასულების მორიგი ბრალდებები - სამეული დეგნანს ომის რიტორიკის გაღვივებაში, მთავრობის რევოლუციური გზით ცვლილებასა და ივანიშვილის შანტაჟში ადანაშაულებს

წერილის ადრესატი კელი დეგნანი, ავტორი კი "ქართული ოცნებიდან" წასული სამეული - დიმიტრი ხუნდაძემ, სოზარ სუბარმა და მიხეილ ყაველაშვილმა ამერიკის ელჩს ისევ საჯაროდ მიმართეს. საერთო განცხადებაში ისინი დიპლომატს რამდენჯერმე დასმულ შეკითხვებს ახსენებენ.

შეხვდა თუ არა კელი დეგნანი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ბიძინა ივანიშვილს - ეს კიდევ ერთი მთავარი კითხვაა, რომელზეც დეპუტატების მტკიცებით, პასუხი არ მიუღიათ. წერილში დასმულ 4 ძირითად საკითხზე, კელი დეგნანის პოზიციის გათვალისწინებით, დეპუტატებს კონკრეტული დასკვნები გამოაქვთ. 

მორიგი წერილის გავრცელების მიზეზებზე მედიასთან დღეს მისმა ერთ-ერთმა ავტორმა ისაუბრა.

ვისი ინიციატივით გაიმართა შეხვედრა კელი დეგნანსა და ბიძინა ივანიშვილს შორის და რა საკითხი იყო განხილული? - ამ ინფორმაციის გასაჯაროებას "ოცნებიდან" წასულები ახლა ივანიშვილს სთხოვენ. დეპუტატები წერილში იმასაც ამბობენ, რომ იციან მეტ კულუარულ საუბრებზე, თუმცა დეტალების თქმისგან თავს იკავებენ.

გამოქვეყნებული მიმართვის შინაარსის შეფასება ოპოზიციას არ სურს. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ მხოლოდ იმას, რომ მორიგი წერილი მორიგი თავდასხმაა სტრატეგიულ პარტნიორზე. ოპოზიციური ძალები "ოცნებიდან" წასული დეპუტატების განცხადებას ისევ "ქართულ ოცნებას" უკავშირებენ.

შინაარსობრივ განხილვაში არც მმართველი გუნდი შედის - იმ მიზეზით, რის გამოც თავის დროზე მათ ხუნდაძე, სუბარი და ყაველაშვილი გაემიჯნენ.

"ქართული ოცნებიდან" წასულმა სამეულმა ამერიკის ელჩს ღია წერილით გასული დღეების განმავლობაშიც არაერთხელ მიმართა. გარკვეულ საკითხებზე ისინი ელჩისგან პასუხებს ამ დრომდე ითხოვენ. 

დღის ამბები