30 იანვარი 2023,   09:34
ვრცლად
აშშ-ის ელჩის წინააღმდეგ განცხადებები ნიშნავს ამერიკის შეერთებული შტატების როგორც სახელმწიფოს წინააღმდეგ წასვლას - ხატია დეკანოიძე 

შეტევა დასავლელ პარტნიორებზე - ამ შეფასებით ეხმაურება ოპოზიცია „ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატების მორიგ წერილს. აქვე, ხელისუფლების ოპონენტების აზრით, სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე და მიხეილ ყაველაშვილი მმართველი გუნდის პოზიციას ახმოვანებენ.

პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" თავმჯდომარე, ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ ელჩის წინააღმდეგ განცხადებები ამერიკის შეერთებული შტატების როგორც სახელმწიფოს წინააღმდეგ წასვლის ტოლფასია.

"აქვთ პირდაპირი დავალება, მათ შორის ჩვენი ქვეყნის მტრებისგან, რომ საქართველოში აწარმოონ ღიად ანტიდასავლური და ანტიამერიკული პროპაგანდა. ეს გულისხმობს ზუსტად მთელ იმ წერილებს და რიტორიკას, რომელიც აქვთ ამ ადამიანებს. ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის წინააღმდეგ განცხადებები და მათი ღიად ლანძღვა ნიშნავს ამერიკის შეერთებული შტატების როგორც სახელმწიფოს და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის წინააღმდეგ წასვლას," - ამბობს ხატია დეკანოიძე.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფის" წევრი, თეონა აქუბარდია მიიჩნევს, რომ შეერთებულ შტატებზე თავდასხმა ასუსტებს არა მხოლოდ არაღიარების პოლიტიკას, არამედ, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის უზრუნველყოფას.

"ამ ბატონების მხრიდან არათუ რუსეთის ანექსიური პროცესების დაგმობა არ გვინახავს, არამედ ამერიკის დაგმობას ვხედავთ. ყველასთვის ცალსახად ცნობილია, რომ არაღიარების პოლიტიკა სწორედ ჩვენს დასავლელ პარტნიორებზე დგას და ამ ვითარებაში შეერთებულ შტატებზე თავდასხმების სერია ასუსტებს არა მხოლოდ არ აღიარების პოლიტიკას, არამედ ჩვენს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას და დაუცველს ტოვებს რუსეთისგან მთლიანად საქართველოს და იმ ღირებულებებს, რასაც ჰქვია ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის უზრუნველყოფა," - აცხადებს თეონა აქუბარდია.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”მოქალაქეები” წევრი, ლევან იოსელიანი ამბობს, რომ რაც მალე შეწყდება მსგავსი წერილების გავრცელება, მით უკეთესი იქნება. 

"ჩვენ ერთადერთი მოკავშირე, ვისზეც მთელი ამ დროის მანძილზე ვამყარებდით იმედს, ვინც ხელს უწყობდა ქართული სახელმწიფოს ინსტიტუციურ გაძლიერებას, იყო ამერიკის შეერთებული შტატები ევროკავშირთან ერთად და რაიმე ტიპის მათზე თავდასხმა ჩემთვის არის აბსოლუტურად მიუღებელი და რაც მალე შეწყვეტენ ასეთი წერილების გავრცელება, იქნება უკეთესი," - ამბობს ლევან იოსელიანი.  

დღის ამბები