03 თებერვალი 2023,   16:43
ვრცლად
შინაგან საქმეთა სამინისტრო ავტომობილით მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებს ამკაცრებს - ე.წ. დრიფტი დასჯადი ხდება

საგზაო უსაფრთხოებისთვის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ახალი კანონპროექტები უკვე მოამზადა. ჯარიმები ასევე იზრდება სიჩქარის გადაჭარბებაზე, დამუქებული მინებით მოძრაობასა და ე.წ. დრიფტზე, რომელიც პროექტში ცალკე პუნქტად გაიწერა. სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტები პარლამენტს უკვე გადაეგზავნა.

- დასჯადი ხდება ე.წ. დრიფტი, სანქციად წესდება ჯარიმა 300 ლარის ოდენობით და მართვის მოწმობაზე მინიჭებული ქულების 30 ქულით შემცირება. თუ ე.წ. დრიფტს მოჰყვება ზიანი, ჯარიმა გაიზრდება 500 ლარამდე.

- სიჩქარის გადაჭარბება 40 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, 150 ლარის ნაცვლად, გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.

- კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით დამუქებული მინებით სატრანსპორტო საშუალების მართვა, 50 ლარის ნაცვლად, გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

უწყების გადაწყვეტილება მისაღებია ავტომობილების მფლობელებისთვის. ამბობენ, რომ კანონში ცვლილებები საჭირო და დროულია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს დროულ გადაწყვეტილებაზე საუბრობენ მოძრაობის უსაფრთხოების მიმართულებით მომუშავე არასამთვარობო ორგანიზაციებში. განმარტავენ რომ კანონპროექტები სრულიად ეხმაურება საგზაო უსაფრთხოების დაცვის ნორმების გაუმჯობესების იდეას.

დეპუტატები პროექტის განხილვას საშემოდგომო სესიაზე დაიწყებენ. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ საგზაო უსაფრთხოებისთვის შინაგან საქმეთა სამინისტრო თანმიმდევრულ ნაბიჯებს დგამს. ოპოზიციის ნაწილი კი ამბობს, რომ გამოწვევები რეალურია, თუმცა ჯარიმების ზრდა ამ პრობლემას ვერ მოაგვარებს.

ამავე ცვლილებებით, დასჯადი ხდება აღრიცხვიდან მოხსნილი ტრანსპორტის მართვა. ჯარიმა 2 000 ლარით არის განსაზღვრული, მართვის მოწმობა კი მძღოლს 30 ქულით შეუმცირდება. ჯარიმები იზრდება სპეციალური აღჭურვილობის ავტომანქანით, გაცილების გარეშე, არაგაბარიტული სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობისთვისაც. ასევე დასჯადი ხდება ისეთი ავტომობილის მართვა, რომლის ხმაურის დონე აღემატება დადგენილს. ჯარიმა ამ შემთხვევაში 100 ლარის ოდენობით განისაზღვრა, მართვის მოწმობაზე მინიჭებული ქულები კი 10-ით შემცირდება.


დღის ამბები