08 თებერვალი 2023,   08:35
ვრცლად
თურქეთში გაფორმებული შეთანხმება, რუსეთმა ოდესის პორტის დაბომბვით 24 საათში დაარღვია - შეწყვეტს თუ არა კრემლი შიმშილის იარაღით მანიპულირებას

რუსი ოკუპანტების მიერ ნასროლი რაკეტა ოდესის პორტს მოხვდა და ადგილზე მალევე ხანძარი გაჩნდა. ინფორმაცია უკრაინის ოპერატიულმა სარდლობამ დილიდან გაავრცელა. ეს სწორედ ის პორტია, რომელთან დაკავშირებითაც რუსეთმა ვალდებულება აიღო, რომ განბლოკავდა და მისი მიმართულებით იარაღს აღარ გაისვრიდა.

სტამბოლში დადებული უმაღლესი დიპლომატიური შეთანხმების შემდეგ ოდესის პროტზე რუსული სარაკეტო თავდასხმა ზუსტად 24 საათში განხორციელდა. გლობალური სასურსათო კრიზისის გადასალახად და მსოფლიოში შიმშილის თავიდან ასაცილებლად, ომში ჩართული ქვეყნები უკრაინული მარცვლეულის ექსპორტზე შეთანხმდნენ. ხელშეკრულებას ხელი თურქეთის თავდაცვის მინისტრმაც მოაწერა. ცერემონიას რეჯეფ თაიფ ერდოღანი და გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერეში ესწრებოდნენ.

ამ შეთანხმების შემდეგ უკრაინას შესაძლებლობა ეძლევა ექსპორტზე გაიტანოს 20 მილიონ ტონამდე მარცვლეული. უკრაინულ პორტებში ჩარჩენილი 80 სატვირთო გემი 5 თვიანი ლოდინის შემდეგ მსოფლიოს არაერთ ქვეყანას მოამარაგებს. რუსეთმა კი აიღო ვალდებულება, რომ ოდესის, ჩერნომორსკისა და იუჟნის პორტებს აღარ დაბომბავდა. მასპინძელი ქვეყნის პრეზიდენტს რუსულ-უკრაინული ზავი ეიმედება და მოლოდინი აქვს, რომ თურქეთში დადებული შეთანხმება მილიარდობით ადამიანს შიმშილის საფრთხისგან იხსნის.

გაერომ "იმედის შუქურა" უკვე უწოდა სტამბოლში დადებულ უსაფრთხო ექსპორტის ხელშეკრულებას, თუმცა ლიდერების იმედები მალევე არ გამართლდა. პორტზე თავდასხმა დაგმო გაეროს გენერალურმა მდივანმა და რუსეთს კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ უკრაინიდან მარცვლელულის ექსპორტი გლობალური სასურსათო კრიზისის დაძლევის წინაპირობაა.

პორტზე თავდასხმის შემდეგ კიდევ უფრო უიმედოა უკრაინული მხარის პოზიცია. ოდესისთვის რუსული რაკეტების სროლა ვლადიმერ პუტინის მიერ გენერალურ მდივან ანტონიო გუტერეშისა და თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანისთვის სახეში შეფურთხებას ჰგავს - ასეთია ოფიციალური კიევის პოზიცია. უკრაინის საგარეო უწყებაში ხაზს უსვამენ, რომ გლობალური სასურსათო კრიზისის გაღრმავების შემთხვევაში სრული პასუხისმგებლობა რუსეთს დაეკისრება.

ვითარება ერთ ღამეში რომ ვერ შეიცვლება, ამაში დარწმუნებულები არიან ექსპერტები. ისინი ამბობენ, რომ ტვირთბრუნვა სწრაფად ვერ დაიწყება, ვინაიდან ჯერ კიდევ ბევრი ტექნიკური პირობაა შესასრულებელი. ამბობენ, რომ მნიშვნელოვანია პირველი რამდენიმე დღე, რადგან ამ პერიოდში პროცესის მიმართ ყველა მხარეს უნდა გაუჩნდეს ნდობა და იმის განცდა, რომ ეს შეთანხმება რეალურია.

შეთანხება დადებულია, ახლა მთავარი მისი შესრულებაა. უკრაინულ მხარე იმედოვნებს, რომ რუსეთი ნაკისრ ვალდებულებას არ უღალატებს და მსოფლიოს მშიერს არ დატოვებს.

დღის ამბები