08 თებერვალი 2023,   07:42
ვრცლად
ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების გეგმები - ორშაბათიდან პარლამენტში, მმართველი გუნდის სამუშაო ჯგუფების მიღმა და მის პარალელურად მუშაობას ოპოზიციაც იწყებს

1 გაცხადებული მიზანი და 2 პროცესი - ორშაბათიდან პარლამენტში მმართველი გუნდის სამუშაო ჯგუფების მიღმა და მის პარალელურად მუშაობას ოპოზიციაც იწყებს. არადა, ევროკომისიის რეკომენდაციების პირველივე პუნქტში წერია, რომ პოლიტიკური პოლარიზაცია უნდა აღმოიფხვრას და პირობების შესრულებაზე ყველა პარტიამ უნდა იმუშაოს - 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთებით. შეთანხმება ერთობლივ მუშაობაზე ვერ შედგა.

ოპოზიციის ნაწილმა საბოლოოდ გადაწყვიტა, რომ ალტერნატიული პროცესი სჭირდება იმისთვის, რომ საზოგადოებამ დაინახოს, ვინ მუშაობს რეალური ცვლილებებისთვის. 12 პუნქტთან დაკავშირებით საკანონმდებლო ინიციატივებს საშემოდგომო სესიაზე დაარეგისტრირებენ. ამბობენ, რომ ეცდებიან მმართველი გუნდი აიძულონ, მხარი დაუჭირონ მათ ინიციატივებს. წინააღმდეგ შემთხვევაში არ გამორიცხავენ, დღის წესრიგში ისევ რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნა დაბრუნდეს.

პოლიტიკურ ოპონენტებს საარჩევნო გამოცდილებას ახსენებს მმართველი გუნდი, სადაც მიაჩნიათ, რომ ოპოზიციის სტრატეგია წარუმატებელი იქნება. "ქართულ ოცნებაში" ფიქრობენ, რომ პარტიები ერთობლივ მუშაობაზე უარით პოლიტიკურ შეცდომას უშვებენ.

პოლარიზაციას პარალელური პროცესები რომ ვერ დაასრულებს, ამაზე ოპოზიციის ის ნაწილიც საუბრობს, რომელიც ყველასთან ყველა ფორმატში თანამშრომლობს. თუმცა "გირჩში" ამჯერად გადაწყვიტეს, კოლეგების სამუშაო ჯგუფებს ჯერ შორიდან დააკვირდნენ.

ალტერნატიული ჯგუფები მმართველი გუნდისთვის კიდევ ერთი არგუმენტია  ოპონენტების პარტიული ინტერესებზე ისაუბროს. "ქართულ ოცნებაში" მიაჩნიათ, რომ ოპოზიციისთვის სახელმწიფო ინტერესი უპირატესი არ არის და ამაზე, მათივე შეფასებით აქამდე განვითარებული მოვლენებიც მიანიშნებს.

პარალელურ რეჟიმში პარტიები ორშაბათიდან იმუშავებენ. ოპოზიცია სამუშაო ჯგუფების ფორმატში მუშაობას დაიწყებს, მმართველი პარტია კი გეგმის ფარგლებში შეხვედრებს განაახლებს.

დღის ამბები