30 იანვარი 2023,   09:37
ვრცლად
სრულყოფილი პაკეტები იქნება სექტემბრისთვის და მერე საზოგადოება განსჯის, რომელიც პაკეტი ჯობია, ხელისუფლების თუ ოპოზიციის - სერგო ჩიხლაძე

ერთი მიზნისკენ სხვადასხვა გზებით - ევროკომისიის 12 რეკომენდაციაზე ოპოზიციის ნაწილი ცალკე, მმართველი გუნდის გარეშე იმუშავებს. ალტერნატიულ სამუშაო ჯგუფს "ნაციონალური მოძრაობა", "ლელოსა" და "სტრატეგია აღმაშენებლთან" ერთად ქმნის. პარტიები ინკლუზიურ პროცესსა და კონკრეტულ კანონპროექტებს აანონსებენ.

პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" პოლიტიკური საბჭოს წევრის სერგო ჩიხლაძის თქმით, ევროპარლამენტარების ჯგუფთან დაგეგმილია კონსულტაციები და შეაჯერებენ, რამდენად შეესაბამება მათი პაკეტი ევროკომისიის რეკომენდაციებს. 

"დაგეგმილი გვაქვს ევროკომისიის და ევროპარლამენტარების ჯგუფთან კონსულტაციები, რამდენად შეესაბამება ჩვენს მიერ წარდგენილი ესა თუ ის პაკეტი მათ მიერ შემოთავაზებულ რეკომენდაციებს. ასე რომ სრულყოფილი პაკეტები იქნება სექტემბრისთვის და მერე უკვე საზოგადოება განსჯის, რომელიც პაკეტი ჯობია - ხელისუფლების შეთავაზებული თუ ოპოზიციის. "ქართული ოცნება" ბევრ რამეს არ აპირებდა, შემდეგ ბევრი რამე დათმო და გააკეთა. ამიტომ, ყველაფერი დამოკიდებული იქნება ჩვენს აქტიურობაზე, საზოგადოების აქტიურობაზე," - ამბობს სერგო ჩიხლაძე.

პარტიის "ლელო საქართველოსთვის" საგარეო ურთიერთობათა მდივანი, გრიგოლ გეგელია ამბობს, რომ მუშაობა გაგრძელდება ყველა მიმართულებით, რომელიც წარმოდგენილია 12 რეკომენდაციის ფარგლებში. 

"ჩვენ გაგვაჩნია სამუშაო ჯგუფები, რომელშიც ძალიან ფართოდ არიან წარმოდგენილი სხვადსხვა პოლიტიკური პარტიები, ძალიან დიდი ინტელექტუალური რესურსი და ჩვენ მთელ ძალისხმევას მივმართავთ იმისკენ, რომ თითოეული მიმართულებით შევქმნათ ცვლილებების ადეკვატური და დადებითი დღის წესრიგი," - აცხადებს გრიგოლ გეგელია. 

დღის ამბები