06 დეკემბერი 2022,   08:53
ვრცლად
2023 წლიდან საქართველოში მსოფლიოს წამყვანი კომპანია SpaceX-ის პროექტი Starlink დაიწყებს ოპერირებას

2023 წლიდან საქართველოში მსოფლიოს წამყვანი კომპანია SpaceX-ის პროექტი Starlink დაიწყებს ოპერირებას, რომელიც თანამგზავრული სისტემებით მაღალსიჩქარიან ფართოზოლოვანი ინტერნეტის მიწოდებას უზრუნველყოფს.

აღნიშნულ თემაზე დღეს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი კომპანია SpaceX-ის ბაზრებზე წვდომის რეგიონალურ დირექტორს ბენ მაკ უილიამსს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში კომპანია SpaceX-ის პროექტ Starlink-ის ამოქმედების საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს. კერძოდ, SpaceX საქართველო­ში Starlink-ის თანამგზავრული სისტემებით მაღალსიჩქარიან ფართოზოლოვანი ინტერნეტის მიწოდებას უზრუნველყოფს.

SpaceX-მა საქართველოში Starlink-ის პროექტით შემოსვლისა და საქმიანობის დაწყებით დაინტერესება გასულ წელს გამოთქვა, როცა ლოს ანჯელესში კომპანიის სათავო ოფისში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილსა და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძეს შეხვდნენ.

ლოს-ანჯელესში გამართული შეხვედრის შემდგომ აქტიური თანამშრომლობის შედეგად, ცოტა ხნის წინ საქართველოში SpaceX-ის პროექტ Starlink-ის რეგისტრაციისა და ავტორიზაციის პროცესი დასრულდა. პირველ ეტაპზე Starlink-ის ინტერნეტი საქართველოს მასშტაბით არსებულ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ყველა ტექნოპარკს მიეწოდება.

"ჩვენი რთული გეოგრაფიიდან გამომდინარე დღეს ინტერნეტი და მაღალი ხარისხის ინტერნეტი ხელმისაწვდომი ყველა მხარეში არ არის, მაგრამ უკვე "სტარლინკი" 2023 წლიდან დაიწყებს ოპერირებას, ნებართვა უკვე გაცემულია და საქართველოს ყველა წერტილში მაღალხარისხიანი სწრაფი ინტერნეტი იქნება ხელმისაწვდომი. ეკონომიკის სამინისტრო რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდა კომპანია SpaceX-თან იმისთვის, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებულიყო დადებითად და საქართველო ყოფილიყო რეგიონში პირველი ქვეყანა, რომელშიც ოპერირებას დაიწყებს "სტარლინკის" მაღალი ხარისხის ინტერნეტი," - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

დღის ამბები