04 თებერვალი 2023,   06:20
ვრცლად
პრეზიდენტის განცხადებები პოლარიზაციას უწყობს ხელს - სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს მმართველ გუნდში აფასებენ

სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს მმართველ გუნდში აფასებენ. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ პრეზიდენტის განცხადებები პოლარიზაციას უწყობს ხელს.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გურამ მაჭარაშვილი ამბობს, რომ პრეზიდენტს შუამავლობა არ გამოსდის.

"არ გამოსდის ამ ადამიანს შუამავლობა და ხომ უნდა მიხვდეს, რომ წელიწადზე მეტია,  ჩვენ მზად ვიყავით რომ რაღაც პროცესი დაწყებულიყო, მაგრამ არ გამოსდის, არავინ არ უჯერებს, თუკი არ აწყობს რადიკალურ ოპოზიციას მისი განცხადება, მას არ უჯერებს, თუ აწყობს მერე მასზე პირიქით პოლარიზებას მიმართავს ხოლმე და ა.შ. სამწუხაროდ, ჩვენ რასაც ვხედავთ, ბოლო დროს მისი განცხადებები დეპოლარიზაციის ნაცვლად, პოლარიზაციას უწყობს ხელს. აქედან გამომდინარეობს ჩვენი პოზიცია რომ ჯობია ჩვენ ყველამ ჩვენ-ჩვენი ფუნქცია შევასრულოთ, - აცხადებს მაჭარაშვილი.

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, თეა წულუკიანი ამბობს, რომ მმართველი გუნდი საქართველოს კონსტიტუციაში პრეზიდენტის მედიაციის უფლებამოსილებას ვერ ხედავს. მისი აზრით, უსამართლობაა იმის თქმა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ კანდიდატის სტატუსის მისაღებად საკმარისი არაფერი გააკეთა.

"შეგვახსენა, რომ არსებობს თურმე საქართველოს კონსტიტუციაში 78-ე მუხლი, ასეთი მუხლი საქართველოს კონსტიტუციას არ აქვს 78-ე მუხლი. რაც შეეხება პრეზიდენტის მედიატორის ფუნქციას, ჩვენ ამგვარ უფლებამოსილებას საქართველოს კონსტიტუციაში ვერ ვხედავთ. ვფიქრობ, რომ მედიაცია არასდროს არ არის ცუდი, უბრალოდ, როცა შენ არ გაქვს კანონით მონიჭებული ეს ფუნქცია და საქართველოს პრეზიდენტს არ აქვს ამგვარი ფუნქცია კანონით მინიჭებული, შენ უნდა მოგმართონ მხარეებმა და გთხოვონ მედიაცია. უსამართლობა და რაც მთავარია უპასუხისმგებლობაა იმის თქმა, რომ საქართველოს მთავრობამ, შესაბამისმა უწყებებმა აღმასრულებელი ხელისუფლების და საქართველოს პარლამენტმა ან არაფერი გააკეთეს, ან არ გააკეთეს იმდენი,  რომ სტატუსი ჰქონოდა ჩვენს ქვეყანას", - განაცხადა წულუკიანმა.

დღის ამბები