



რა რეკომენდაციები აქვს მესამე სექტორს 12 პუნქტიანი გეგმის შესრულებასთან დაკავშირებით - ამ საკითხზე ოპოზიციის ნაწილი დღეს არასამთავრობო ორაგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდება. მმართველი გუნდის ოპონენტები არ გამორიცხავენ, მესამე სექტორის ჩართულობით ახალი სამუშაო ჯგუფების შექმნას და ევროპული რეკომენდაციის შესრულებისთვის საჭირო კანონპროექტების მომზადებას .
"ლელოს" წევრის, გრიგოლ გეგელიას თქმით, ისინი საზოგადოებას აჩვენებენ ვის აქვს რეალური გეგმა თუ როგორ უნდა მოხდეს ევროკომისიის რეკომენდაციის შესაბამისი რეფორმების განხორციელება.
"გავაგრძელებთ ალტერნატიულ, მათ შორის საპარლამენტო ფორმატებში მუშაობას, მთელ საქართველოს დავანახებთ ვის აქვს კონკრეტული გეგმა თუ რეალურად რა უნდა რეფორმირდეს, როგორ უნდა რეფორმირდეს, რა ვადებში უნდა რეფორმირდეს და ჩვენ დავანახებთ საზოგადოებას, რომ ჩვენ ვიცით როგორ უნდა შევიყვანოთ ეს ქვეყანა დაუყოვნებლივ ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე," - თქვა გეგელიამ.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, ნიკა სიმონიშვილი აცხადებს, რომ შეხვედრის მიზანია, არასამთავრობო ორგანიზაციებმა ამ კონკრეტულ შემთხვევაში ოპოზიციას მათი სამოქმედო გეგმა გააცნონ.
"მნიშვნელოვანია ის დაინტერესება, რომელიც პოლიტიკოსებს აქვთ ჩვენს გეგმასთან დაკავშირებით, ვფიქრობთ, რომ თუ არსებობს შესაბამისი პოლიტიკური სპექტრის მხრიდან დაინტერესება იმასთან დაკავშირებით, რაც ჩვენ მოვამზადეთ, რა თქმა უნდა მზად ვართ რომ შესაბამისი კონსულტაციები მათთან გავიაროთ. შეხვედრაც, რა თქმა უნდა, ემსახურება იმას, რომ ის რაც ჩვენ გვაქვს სამოქმედო გეგმა, სამოქმედო გეგმის დეტალები, როგორც პროცესთან დაკავშირებით, გავაცნოთ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ოპოზიციურ სპექტრს," - ამბობს სიმონიშვილი.