



ამერიკის საელჩოში მომხდარი ინცინდენტის საქმეზე, რომელიც ვატო წერეთელსა და დეპუტატ ანრი ოხანაშვილს შორის დაპირისირებას უკავშირდება, პროკურატურაში მოწმის სტატუსით "ტვ პირველის" აღმასრულებელი დირექტორი ნანა აბურჯანიძე გამოიკითხა.
აბურჯანიძის თქმით, გამომძიებელს დეტალურად მიაწოდა მის ხელთ არსებული ინფორმაცია. "ტვ პირველის" აღმასრულებელ დირექტორსა და ადვოკატ კახა წერეთელს იმედი აქვთ, რომ ვატო წერეთელს დაზარალებულის სტატუსი მიენიჭება.
"ძალიან დეტალურად გამომკითხეს ყველაფერი, საელჩოში მისვლის მომენტიდან, გამოსვლით დამთავრებული. სრულიად ყველა დეტალი ძალიან სიღრმისეულად მოვყევი და ჩვენებაში ზუსტად არის ასახული ის, რასაც მე შევესწარი. იმედს ვიტოვებ, რომ ამერიკის საელჩო ითანამშრომლებს გამოძიებასთან, მიაწვდის მას შესაბამის კადრებს და ამ საქმეს ექნება თავისი ლოგიკური გაგრძელება," - აცხადებს ნანა აბურჯანიძე.
ადვოკატი კახა წერეთელი ამბობს, რომ მოწმეთა წრე გაიზარდა და არ არის გამორიცხული, მათი გამოკითხვაც მოხდეს.
"კითხვები იყო სრულიად ლოგიკური, ეხებოდა ქალბატონი ნანას მიერ დანახული გარემოებების აღწერას, დეტალურად იქნა ყველა გარემოება აღწერილი, გაიზარდა მოწმეთა წრე და ბუნებრივია, მათი გვაქვს მოლოდინი, რომ მათი გამოკითხვა მოხდება," - ამბობს კახა წერეთელი.