06 თებერვალი 2023,   00:13
ვრცლად
"წერეთელმა მის ვერსიაზე უარი თქვა, კამერების გასაჯაროების შიშით აღარ დამალა და თქვა, რომ მართლაც ჰქონდა კომუნიკაცია ინციდენტამდე ანრისთან" - მამუკა მდინარაძე აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე მომხდარ ინციდენტზე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში აშშ-ის საელჩოში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება, სადაც "ტვ პირველის" დამფუძნებელი და "ქართული ოცნების" რამდენიმე დეპუტატი მონაწილეობდა.

"როგორც არ უნდა "დაალაგო" "ფეიკი", საბოლოოდ სიმართლე ყოველთვის იმარჯვებს!

ალბათ გახსოვთ ორი ვერსია ამერიკის საელჩოში მომხდართან დაკავშირებით:

პირველის მიხედვით, წერეთელმა პროვოკაცია მოუწყო ანრი ოხანაშვილს, ყურში ჩაჩურჩულებით (რაც მაშინ ზოგიერთისთვის სასაცილოდაც "ჩანდა"), მუქარითა და უბინძურესი ბილწსიტყვაობით, უმძიმესი შეურაცხყოფა მიაყენა, რასაც შემდეგ ინციდენტი მოყვა.

მეორე ვერსიით, დეპუტატები ყოველგვარი წინაპირობის გარეშე, უმიზეზოდ, თავს დაესხნენ წერეთელს.

გუშინ წერეთელმა მის მიერ გახმოვანებულ ვერსიაზე უარი თქვა და პირველი ვერსია დაადასტურა. კამერების გასაჯაროების შიშით აღარ დამალა და თქვა, რომ მართლაც ჰქონდა კომუნიკაცია ინციდენტამდე (ყურში ნამდვილად ჩავჩურჩულეო) ანრისთან და მხოლოდ ნათქვამის შინაარსი შეცვალა... გახშირებული მუქარები, მათ შორის პერსონალური შემოთვლები იმიჯური განადგურების მუქარით, პროვოკაციები, უხამსობა და სხვა სახის მდაბიო ბულინგის მცდელობები უდავოდ შეიცავს პანიკის ნიშნებს ქვეყნის წინააღმდეგ მებრძოლთა ბანაკში. სიმართლე კი ყოველთვის გაიმარჯვებს, ისევე როგორც ეს ქვეყანა და მისი ეროვნული ინტერესი!" - წერს მამუკა მდინარაძე. 

შეგახსენებთ, აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით პროკურატურაში გამოკითხვის შემდეგ, წერეთელმა "ტვ პირველის" ეთერში გუშინ თქვა, რომ ყურში გადაჩურჩულება ლაშქარავას გარდაცვალების თემას უკავშირდებოდა.

"ოხანაშვილს ვუთხარი ლექსო ლაშქარავას სიკვდილი თქვენს კისერზეათქო," - განაცხადა ვატო წერეთელმა.

როგორც მმართველ გუნდში აცხადებენ, ვატო წერეთელი თავდაპირველად ამბობდა, რომ ანრი ოხანაშვილი მასთან მივიდა და ფიზიკურად გაუსწორდა, ახლა კი წერეთელმა ამ განცხადებით ანრი ოხანაშვილის ვერსია დაადასტურა.

 

დღის ამბები