



პარლამენტში ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა შედგება. სხდომას საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ასევე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები დაესწრებიან. ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად სამუშაო ჯგუფი რამდენიმე დღის წინ შეიქმნა და მან კონკრეტული წინადადებები სფეროში არსებული ხარვეზების გამოსასწორებლად მომდევნო სამი თვის განმავლობაში უნდა შეიმუშავოს.
"ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის შემდგომი გაძლიერების მიზნით შექმნილია სამუშაო ჯგუფი, გაიმართება ამ ჯგუფის პირველი შეხვედრა, სადაც მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს პარლამენტის წევრები სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფებიდან, ასევე მიიღებენ მონაწილეობას საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები. სამუშაო ჯგუფმა, არა უგვიანეს პირველი ნოემბრისა, უნდა შეიმუშაოს წინადადებები ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სფეროში აღმოჩენილი ხარვეზების აღმოფხვრის და ამ მიმართულებით საქმიანობის ეფექტიანობის შემდგომი გაძლიერების მიზნით," - აცხადებს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ბერაია.