29 იანვარი 2023,   16:52
ვრცლად
მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული სერიალის "ბეჭდების მბრძანებელი" პრემიერის თარიღი უკვე ცნობილია

მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული სერიალის პირველი ეპიზოდის გამოქვეყნებამდე, ორ თვეზე ნაკლები დრო რჩება. ფენტეზი ჟანრის მოყვარულები ჩასაფრებული და ცნობისმოყვარე თვალით ახალ კადრებს აფასებენ. 2 სექტემბერს ჩაინიშნა სერიალის "ბეჭდების მბრძანებელი" "ძალაუფლების ბეჭდები" პრემიერა. სცენარით დაგეგმილი 5 სეზონის გადსაღაბად, ბიუჟეტმა ერთ მილიარდ დოლარს გადააჭარბა, ამ ინფორმაციამ კი უფრო დიდი ინტერესი გააჩინდა, თუმცა სერიალის შემოქმედებითი ჯგუფი კამერებთან ჯერჯერობით არ საუბრობს.

სერიალი, რომელიც კომპანია ამაზონის ყველაზე ამბიციურ პროექტად აღიარეს, ბრიტანელი ფენტეზი ჟანრის მწერლის ჯონ რონალდ რუელ ტოლკინის სამყაროზე მოგვითხრობს

ტოლკინის რომანების მიხედვით გადაღებულ ბეჭდების მბრძანებლისა და ჰობიტის ტრილოგიებს როგორც კინოაკადემიის, ისე მაყურებლის მხრიდან დიდი აღიარება ჰქონდა, ახლა კი სერიალის მიმართ,  რომელიც ფილმებში აღბეჭდილი მოვლენების მთავარი პრეისტორიაა, მოლოდინი დიდია. როგორც ცნობილია, ძალაუფლების ბეჭდები ათასწლეულებით ადრე განვითარებულ ისტორიაზე მოგვითხრობს.

ამაზონმა ჯერ მხოლოდ ორი თრეილერი გამოაქვეყნა და ორივე მათგანს ერთად, 40 მილიონზე მეტი ნახვა აქვს. მართალია სერიალი ტოლკინის მითოლოგიას და მის ზღაპრულ სამყაროს უკეთ გაგვაცნობს, უკეთ დაეხმარება მაყურებელს მისი მასშტაბურობის აღქმაში, თუმცა ბეჭდების მბრძანებლების ფანებისთვის ამ დრომდე რთულად წარმოსადგენი იყო, ტოლკინის რომანებზე პიტერ ჯექსონის შემდეგ, ვინმეს თუნდაც სერიალის გადაღება გაებედა. ახალ ზელანდიელი რეჟისორის მიერ გადაღებულ ბეჭდების მბრძანებლის ტრილოგიას, სხვადასხვა ნომინაციაში 17 ოსკარი აქვს მიღებული. 

პიტერ ჯექსონმა და მისმა დიდმა შემოქმედებითმა ჯგუფმა, კინოაკადემია იმ რომანების მიხედვით გადაღებული ფილმებით მოხიბლა, რომელიც ფენტეზის ჟანრის ლიტერატურულ შედევრად არის აღიარებული. ჟანრის კლასიკაა წიგნები შუახმელეთში განვითარებულ ამბებზე, ელფებზე, ჯუჯებზე, ჰობიტებზე და მათ თვალუწვდენელ სამყაროზე, ერთგულ მეგობრებზე, თავგანწირვაზე, სამყაროს გადარჩენაზე, კეთილი და ბოროტი ძალების ბრძოლაზე და ჯადოქრობაზე. როგორც თავად მწერალი ტოლკინი ამბობდა, მისი გამოგონილი სამყარო, რეალურად ჩვენი წარსულია. 

თუ დავუშვებთ, რომ ათასწლეულების წინ რეალურად არსებობდა ტოლკინის აღწერილი შუახმელეთი, აუცილებელი იქნება იმის დაჯერებაც, რომ ელფებს თავისი ენა და დამწერლობა ჰქონდათ, რომელიც ასე ჟღერდა. 

ჩვენს ენაზე ეს ფრაზა ასე ჟღერს "ჩვენი შეხვედრისას ვარსკვლავი ანათებს". ტოლკინმა თავად გამოიგონა ელფების ენა და მათი ანბანი, რომელსაც წიგნებში მისი პერსონაჟები იყენებენ. ტოლკინის ინტერვიუების არქივი ბიბისიმ შემოინახა, რომლის მოსმენისას კიდევ ერთ ფრაზას წავაწყდი.

ბრიტანელმა ფენტეზი მწერალმა ისეთი მაღალმხატვრული ღირებულების წიგნები დაწერა, რომ ნამდვილად მოიპოვა უკვდავება. ტოლკინი ჟანრის ფუძებდებლადაც არის აღიარებული, მის კვალს სხვა არაერთი მწერალი გაჰყვა და დღემდე მისდევს. ზღაპრული სამყარო, სადაც პერსონაჟები დიდი გამოწვევების წინაშე არიან, არის იმედი, რომ თავგანწირვით, ერთგულებით და გონიერებით სამყარო გადარჩება და თუ ტოლკინის ნათქვამს დავუჯერებთ და წარმოვიდგენთ, რომ შუახმელეთი ჩვენი წარსულია, ორ თვეში იმასაც ვნახავთ, რა ხდებოდა ათასწლეულების წინ, თვალუწვდენელად ადრეულ ეპოქაში.

დღის ამბები