27 იანვარი 2023,   20:54
ვრცლად
24 თებერვლის შემდეგ, უკრაინამ ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება შეძლო - ვოლოდიმირ ზელენსკი 

24 თებერვლის შემდეგ, უკრაინამ ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება შეძლო, - ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტი პირობას დებს, რომ უკრაინა ეტაპობრივად, ოკუპირებულ სხვა ტერიტორიებსაც დაიბრუნებს.

ამასთან, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ინფორმაციულ ომს აწარმოებს და მოუწოდა მოსახლეობას, არ აჰყვნენ რუსეთის მიერ გავრცელებულ ყალბ ამბებს.

"32 წლის წინ, ამ დღეს, უკრაინის სახელმწიფო სუვერენიტეტის შესახებ დეკლარაცია მიიღეს. მრავალი წლის შემდეგ ეს ამ დონის პირველი დოკუმენტი იყო, რომელმაც განამტკიცა ჩვენი ხალხის უფლება ეცხოვრა დამოუკიდებლად და დემოკრატიულად.

დეკლარაციამ უკრაინის სახელმწიფოებრიობის ტრადიცია აღადგინა და სწორედ მის საფუძველზე შემდგომ მიიღეს უკრაინის დამოუკიდებლობის გამოცხადების აქტი. უკრაინამ გაუძლო რუსეთის სასტიკ დარტყმებს. ჩვენ უკვე შევძელით იმ ტერიტორიების ნაწილის გათავისუფლება, რომელიც ოკუპირებული იყო 24 თებერვლის შემდეგ. თანდათანობით გავათავისუფლებთ ჩვენი ქვეყნის სხვა რაიონებსაც, რომლებიც ახლა ოკუპირებულია. ჩვენ ასეთი ომის დროს შევძელით ევროკავშირში წევრობაზე კანდიდატის სტატუსის მიღება, შევინარჩუნეთ სახელმწიფო ინსტიტუტების სიმყარე.

გადავაწყვეთ ენერგეტიკული სისტემა, გადავამისამართეთ ყველა ლოჯისტიკური პროცესი ქვეყანაში - სამხედრო და ეკონომიკური და რაც მთავარია ვინარჩუნებთ შინაგან ერთობას, გადავლახეთ წარსულში ხელისშემშლელი კონფლიქტები და აზრთა სხვადასხვაობა. მადლიერი ვარ ყველასი, ვინც იბრძვის უკრაინისთვის, ვინც მუშაობს გამარჯვებისთვის და ვინც იცავს ჩვენს ხალხს",- აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი. 

დღის ამბები