06 თებერვალი 2023,   00:18
ვრცლად
საქართველო, როგორც მედიატორი და სამხრეთ კავკასიაში ახალი სამშვიდობო ფორმატის ინიციატორი - აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა თბილისში ხელი ჩამოართვეს

თბილისში დღეს ერთმანეთს სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები ხელი ჩამოართვეს. საქართველო, როგორც მედიატორი და სამხრეთ კავკასიაში ახალი სამშვიდობო ფორმატის ინიციატორი - აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა თბილისში მშვიდობიანი სამეზობლო პოლიტიკის წარმოებისა და რეგიონული ურთიერთობების ნორმალიზების ხელშეწყობის მიზნით გაიმართა. ქართული მხარის ორგანიზებით, სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო უწყებების ხელმძღვანელების პირისპირ შეხვედრის გარდა, მასპინძლების მონაწილეობით იყო სამმხრივი აუდიენციაც.

დელეგაციები თბილისში დღეს ჩამოფრინდენ. პირველი შეხვედრები ჯეიჰუნ ბაირამოვსა და არარატ მირზოიანს საქართველოს მთავრობის მეთაურთან ჰქონდათ. რეგიონში მხარეებს შორის დაწყებული დიალოგის დადებითი დინამიკის გაღრმავებასთან ერთად, შეხვედრებზე ყურადღება გამახვილდა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე როგორიცაა, ურთიერთობების გაუმჯობესების პერსპექტივა ტრანსპორტისა და ენერგეტიკის, ასევე ეკონომიკის, ვაჭრობისა და კულტურის მიმართულებით. ირაკლი ღარიბაშვილმა მხარეებს შორის გამართული დიალოგისა და რეგიონში მშვიდობის მნიშვნელობაზე გააკეთა აქცენტი.

მოგვიანებით, ამ შეხვედრებზე საკუთარი სოციალური ქსელის საშუალებით ისაუბრა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რომელმაც აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის მეგობრული, ნაყოფიერი და ყოვლისმომცველი თანამშრომლობა მომავალში უფრო მრავალფეროვანი გახდება. განცხადება გაავრცელა სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც, სადაც ნათქვამია, რომ პოლიტიკური დიალოგის შემდგომი გააქტიურება და ორმხრივი ოფიციალური ვიზიტები ხელს შეუწყობს მრავალსექტორული თანამშრომლობის გაღრმავებას. აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა პრემიერს კიდევ ერთხელ დაუდასტურეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა.

ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ თბილისში დღეს გამართული შეხვედრა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია სამივე ქვეყნისთვის. საქართველოს როლი კი რეგიონში უსაფრთხოების შენარჩუნების საქმეში, ქვეყანას საერთაშორისო ასპარეზზე უფრო მეტ გავლენას შესძენს. ექსპერტები იმედოვნებენ, რომ საქართველოს მთავრობის ძალისხმევა, რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნებას უზრუნველყოფს.

სამხრეთ კავკასიაში ახალი სამშვიდობო ფორმატის ინიციატივის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა ჯერ კიდევ გასულ წელს ისაუბრა. საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელმა, გაეროს მაღალ ტრიბუნაზე, საქართველოს ინიციატივით რეგიონში მშვიდობიანი სამეზობლოს პოლიტიკაზე ისაუბრა.

გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე გაცხადებულ ინიციატივას წინ უძღოდა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებული კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის საქართველოს მხრიდან გადადგმული კიდევ ერთი ქმედითი ნაბიჯი. ჯერ კიდევ გასული წლის ივნისში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ამერიკის შეერთებული შტატების სპეციალური წარმომადგენლის უშუალო მონაწილეობით, აზერბაიჯანმა დანაღმული ტერიტორიების შესახებ ინფორმაციის გადაცემის სანაცვლოდ, 15 სომეხი ტყვე გაათავისუფლა.

დღის ამბები