29 იანვარი 2023,   16:19
ვრცლად
როგორ შეასრულებს საქართველო პირობებს - ამ კითხვის საპასუხოდ, ევროკომისიამ ანგარიში შესაძლოა არა წლის ბოლოს, არამედ 2023 წელს მოამზადოს

როგორ შეასრულებს საქართველო ევროპის პირობებს - ამ კითხვის საპასუხოდ ევროკომისიამ შესაძლოა ანგარიში არა წლის ბოლოს, არამედ 2023 წელს მოამზადოს. განცხადება ევროკომისიის წარმომადგენელმა, ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე გააკეთა.

მიხაილ რუპიმ აღნიშნა, რომ გადაწყვიტეს საქართველოს პოლიტიკური ელიტა დეპოლარიზაციის მცდელობებში არ ააჩქარონ.

"როდესაც კომისიამ დაამტკიცა ჩვენი 17 ივნისის მოსაზრება, შემდეგ საბჭომ გაითვალისწინა ჩვენი რჩევა და მოხარული ვართ, რომ საქართველოს მიენიჭა ევროპული პერსპექტივა და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი, როდესაც გადაწყდება რიგი პრიორიტეტები. ჩვენ, რა თქმა უნდა, ძალიან დაინტერესებული ვართ იმით, რომ საქართველო მუშაობს ბევრს, ღრმად და ზედმიწევნით ამ პრიორიტეტებზე. ამიტომ ფრთხილად, განსჯის შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ არ დავაჩქაროთ საქართველოს პოლიტიკური ელიტა მათ მცდელობებში ქვეყნის დეპოლარიზებისთვის, რათა დასხდნენ იგივე მაგიდასთან, რათა ზედმიწევნით იმუშაონ რეფორმებზე. ამიტომ ჩვენ, როგორც ევროპულმა საბჭომ გვთხოვა, მოვამზადებთ პაკეტს 2023 წლის გაფართოების პაკეტის პრიორიტეტებზე. ქართულ პოლიტიკურ სისტემას ეს მისცემს საკმარის დროს, იმუშაოს ამ პრიორიტეტებზე, თუმცა, რა თქმა უნდა, არ შეწყდება მუშაობა და ჩემმა კოლეგებმა აღნიშნეს, ჩვენ გვაქვს საქართველოსთან ჩართულობის საკმაო მრავალფეროვნება", - აცხადებს ევროკომისიის აღმოსავლეთ სამეზობლოსთან მწვანე შეთანხმებისა და თანამშრომლობის ჯგუფის ლიდერი მიხაილ რუპი.

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი კი აცხადებს, რომ საქართველო გაფართოებული პოლიტიკის შესახებ მომზადებული ანგარიშის ნაწილი იქნება:

"ევროკომისია თავისი განრიგის მიხედვით ამზადებს ქვეყნების ანგარიშს. საქართველოს შესახებ ანგარიშს კი, როგორც ევროკომისიაში აცხადებენ, 2023 წელს მოამზადებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველო იქნება გაფართოებული პოლიტიკის შესახებ მომზადებული ანგარიშის ნაწილი. რაც შეეხება განხილვების თემას, საქართველოს შესახებ დებატების თემას, როდის იქნება ის დღის წესრიგში ასახული, ეს არის ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილება და მისი დაკავშირება ასე პირდაპირ ევროკომისიის ანგარიშთან არ იქნებოდა სწორი. რეკომენდაციების შესრულების პროცესი დაწყებულია და რა თქმა უნდა, აქ ხელოვნური სისწრაფე სიკეთის მომტანი ნამდვილად არ იქნება",- აცხადებს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი.

დღის ამბები