04 თებერვალი 2023,   06:01
ვრცლად
ასპინძისა და ადიგენის საკრებულოებში "ქართული ოცნების" ფრაქციის თავმჯდომარეებმა თანამდებობა და პარტია დატოვეს 

ასპინძის საკრებულოში გია ჭელიშვილმა პარტია "ქართული ოცნება" და ფრაქციის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა, ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს და მიზეზად თავისუფლად საუბარს ასახელებს იმ პრობლემებზე, რომელსაც "ნაციონალური მოძრაობა" და მისი უცხოელი ლობისტები  საქართველოს ევროპულ მომავალს უქმნიან:

"ძალიან რთულია ჩუმად უყურო თუ, როგორ აზიანებენ ევროპულ იდეას საქართველოში ნაციონალური მოძრაობა და მათი უცხოელი ლობისტები. ბოლო პერიოდში საქართველოში მიმდინარე კამპანიის ფარგლებში ევროპელებად და ევროპის სახეებად გვევლინებიან ბოროტმოქმედი "ნაცმოძრაობის"  მფარველი - იუკნევიჩიანეებიკუბილიუსებიგრეგორევები თუ ფოტიგები.

იყო "ნაცმოძრაობის" მფარველი და ეხმარებოდე მას რამენაირად ძალაუფლების ხელში ჩაგდებაში, ნიშნავს, იყო იმ ყოველივე უბედურების თანამონაწილე, რასაც სჩადიოდა წლების განმავლობაში "ნაცმოძრაობა". ეს იყო - დაუნდობელი რეპრესიები, ტელეკომპანიებში შევარდნები, ბიზნესის და ქონების ღამის ნოტარიუსებით გადაფორმებები, ხალხის წამებები, მკვლელობები, გაუპატიურებები და ათასი უბედურება, რაც ყველას ძალიან კარგად გვახსოვს.

დღეს ისე, როგორც არასდროს ჩვენ ქვეყანას და საზოგადოებას სჭირდება სიმართლის ლაპარაკი, როგორი უხერხულიც არ უნდა იყოს ის. მე მჯერა, რომ თითოეული ქართველის წარმოდგენაში არსებობს დამოუკიდებელი, თავისუფალი და ერთიანი საქართველოს იდეა, რომლის შენარჩუნებისთვისაც  არაერთი  ომი გადავიტანეთ. 

ჩვენ და ჩვენმა წინაპრებმა ბევრი სისხლი დავღვარეთ ევროპისკენ იმედებით მიმავალ გზაზე და დღეს ძალიან რთულ სიტუაციაში, ვხედავთ, რომ ზოგიერთი ვითომ ევროპელი ჩვენს ქვეყანას და ხალხს "ყურის აწევით" ელაპარაკებიან, ცდილობენ ტოლობის ნიშანი დასვან "ნაციონალურ მოძრაობასა" და ევროპას შორის.  სწორედ ეს ხალხი აზიანებს ნამდვილ ევროპულ იდეას ჩვენ ქვეყანაში, რომელიც ჩემთვის ნიშნავს მშვიდობას და არა - ომს, საქართველოს დამოუკიდებლობას და არა - ვასალობას.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, გადავწყვიტე, დავტოვო  პარტია "ქართული ოცნება" და ფრაქციის თავმჯდომარის თანამდებობა, იმისთვის, რომ თავისუფლად შევძლო ამ ყველაფერზე  საუბარი", - წერს გია ჭელიშვილი.

პარტიას და თანამდებობას ტოვებს  იმედა მღებრიშვილიც, ადიგენის საკრებულოში. მიზეზად ისიც პრობლემებზე ღიად საუბარს ასახელებს და აცხადებს, რომ არ სურს ამით მმართველ გუნდს უხერხულობა შეუქმნას:

"ყველას კარგად გვახსოვს აგვისტოს ომი, რომლის  იარები (ფიზიკური თუ სულიერი) არაერთ ადამიანს მოჰყვება და ძალიან ბევრი ჩვენგანი დღესაც ცდილობს ბევრი რამის დავიწყებას.  ადამიანები, რომელთა უცოდინრობამ თუ დანაშაულებრივმა ქმედებებმა ჩვენ ქვეყანას ვერ აარიდა ომი, დღეს კიდევ უფრო დიდი მონდომებით ცდილობენ რამენაირად გახვიონ უბედურებაში ჩვენი ქვეყანა.

თუ უკრაინას კანდიდატის სტატუსი უკრაინელი ხალხის სისხლის ფასად მიენიჭა (რაც არაერთი ევროპელი პოლიტიკოსისგან მოგვისმენია), ჩვენ ქართველებს მხოლოდ რუსეთთან ომში სამჯერ გვაქვს სისხლი დაღვრილი, თანაც ისე, რომ ფაქტიურად ყოველ ჯერზე მარტო აღმოვჩნდით ჩვენი მტრის წინაშე.

ნუთუ არაა საკმარისი ამდენი დაკარგული სიცოცხლე, დაკარგული სახლები და ათასობით გაუბედურებული ოჯახი, ნუთუ ამისთვის იბრძოდა ჩვენი ქვეყანა, რომ ასეთ მძიმე ვითარებაში დახმარების ხელის გამოწვდის სანაცვლოდ ასეთი უსამართლო დამოკიდებულება მიგვეღო ჩვენი ზოგიერთი მეგობარი ქვეყნის წარმომადგენლისგან.  ჩემთვის წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება არ გესმოდეს იმ უბედურების მასშტაბი რაც ხდება უკრაინაში და ხდებოდა ჩვენთან 2008-ში, როგორც ჩანს  ევროპაში მყოფთაგან ზოგიერთისთვის ეს ყველაფერი სხვანაირად ჩანს, რაც ჩემში იმედგაცრუებას იწვევს. 

ჩვენ უკან დასახევი ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისა და მშვიდობის დასაცავად არაფერი გვაქვს. საჭიროა თავისუფლად საუბარი ყველაფერზე რაც ხდება, ჩვენმა საზოგადოებამ უნდა მიიღოს იმ კითხვებზე პასუხები რომელიც არსებობს, სწორედ ამიტომ, იმისთვის, რომ მმართველ გუნდს უხერხულობა არ შევუქმნა მე ვტოვებ ფრაქციის თავმჯდომარის პოსტს და პარტია ქართულ ოცნებას, ვაპირებ შევუერთდე იმ ადამიანებს ვინც მზადაა ისაუბროს უფრო ღიად და დაიცვას მშვიდობა, სტაბილურობა ამ ქვეყანაში და ამ ქვეყნის ევროპული მომავალი", - წერს იმედა მღებრიშვილი სოციალურ ქსელში.

დღის ამბები