



თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ სამგორის რაიონში, ე.წ. აფრიკის დასახლებაში, სახელმწიფო მიწაზე უკანონოდ მშენებარე რამდენიმე კონსტრუქციის დემონტაჟი განახორციელა. ე.წ. აფრიკის დასახლებაში მსგავსი ფაქტი პირველი არ არის. 12-მდე უნებართვო ნაგებობა შესაბამისმა სამსახურმა დაახლოებით ერთი წლის წინ აიღო.
ადგილობრივები ადასტურებენ, რომ ისინი თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ რამდენიმე დღის წინ გააფრთხილა. ამასთან, გამგეობაშიც მიიღეს პირობა, რომ მათ ალტერნატივის სახით ბინის დაქირავებას შესთავაზებდნენ.
"2 დღის წინ იყვნენ, არაფერს ხელი არ ახლოთ, სანამ ზუსტად არ გავიგებთო... კარგი-მეთქი, აღარ ვახლებ ხელს. მერე მოვიდნენ და დაანგრიეს. რა ნებართვა? რის ნებართვა? გამგეობაშიც ვიყავით, მოგცემთ ქირით ბინას, გადავიხდით ჩვენ და წადითო. ვიცოდით რომ ასე [მოხდებოდა], მაგრამ წესით და კანონით არ უნდა დაენგრიათ, იმიტომ რომ ნამდვილად უსახლკარო ვარ," - განაცხადა გარიკ აბგარიანმა.
ცნობისთვის, თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ სამგორის რაიონში, ე.წ. აფრიკის დასახლებაში, სახელმწიფო მიწაზე უკანონოდ მშენებარე რამდენიმე კონსტრუქციის დემონტაჟი განახორციელა. უწყების ცნობით, ჩატარებული ინსპექტირების შედეგად, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე, სამშენებლო სამართალდარღვევის რამდენიმე ფაქტი გამოვლინდა, მათ შორის, სამი კაპიტალური შენობა მშენებლობის ეტაპზე, ორი ხის კონსტრუქცია და ერთი საძირკველი.
მათივე ინფორმაციით, თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ სამართალდამრღვევები რამდენიმე დღის წინ გააფრთხილა, რათა მათ უკანონო მშენებლობა შეეჩერებინათ და დემონტაჟი დაეწყოთ, თუმცა, მოქალაქეებს სამშენებლო პროცესი არ შეუწყვეტიათ. თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ, კანონის შესაბამისად, სახელმწიფო მიწაზე განთავსებული უკანონო კონსტრუქციების დემონტაჟი მოახდინა.