



თბილისსა და ბერნს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. ბერნში ოფიციალური ვიზიტით მყოფი კახა კალაძე, ქალაქის მერს შეხვდა. მხარეებმა ისაუბრეს საქართველო-შვეიცარიის ურთიერთობებზე და ხაზი გაუსვეს თბილისსა და ბერნს შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს.
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ტრანსპორტის და ურბანული განვითარების კუთხით არსებულ გამოცდილებაზე. თბილისის მერმა კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია ამ მიმართულებით საქართველოს დედაქალაქში განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების შესახებ. შეხვედრაზე ხაზი გაესვა 23 ივნისს ევროპული საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას და საქართველოს არჩევანს დაუბრუნდეს ევროპულ ოჯახს.
"არ ვიცი, არსებობს თუ არა მეგობრობა ერებს შორის, თუმცა, მჯერა, რომ არსებობს მეგობრობა ხალხს და ქალაქებს შორის და ეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. ვიცით, რომ ჩვენ, ყველანი ევროპაში ვდგავართ ერთიან პრინციპებსა და ღირებულებებზე - ეს არის პატივისცემა ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის მიმართ. მჯერა, რომ რადგან ქალაქები უფრო ახლოს არინ მოქალაქეებთან, უფრო კარგად შეძლებენ, ამ ერთიანი ღირებულებების გარშემო ითანამშრომლონ. სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ თბილისის და ბერნის ურთიერთობა მნიშვნელოვანია,"-აცხადებს ბერნის მერი ალეკ ფონ გრაფენრიდი.