28 ნოემბერი 2022,   22:58
ვრცლად
როგორ მიიღწევა ქვეყანაში დეპოლარიზაციისა და ევროინტეგრაციის პროცესი - მმართველი გუნდი ოპონენტებს მოლაპარაკების მაგიდასთან იწვევს

ერთი მიზნის ორი გზა - როგორ მიიღწევა ქვეყანაში დეპოლარიზაციისა და ევროინტეგრაციის პროცესი? მმართველი გუნდი ოპონენტებს მოლაპარაკების მაგიდასთან იწვევს, ოპოზიციის ნაწილი კი გზას ევროპულ ოჯახამდე პროტესტში ხედავს.

"ნაციონალური მოძრაობა" "ქართულ ოცნებას" მუშაობის იმიტაციაში ადანაშაულებს, "სტრატეგია აღმაშენებელი" დისკუსიას უსაგნოდ მიიჩნევს - შეძლებენ თუ არა პოლიტიკოსები ერთი მიზნის გარშემო გაერთიანებას?

"ჯერჯერობით რასაც ვუყურებთ, ხელისუფლების გეგმა და ის პროცესი, რაც მან დააანონსა, ამაში ჩართულები ვართ, თუმცა უბრალოდ ასე სიტყვების დონეზე თუ დარჩება ყველაფერი, მაშინ გასაგები იქნება, რომ ხელისუფლება ცდილობს პროცესი გაწელოს, მაშინ გამოვალთ და ამას საჯაროდ ვიტყვით. თუ ვნახავთ, რომ კონკრეტული ნაბიჯები იდგმება, ამასაც გამოვალთ და საჯაროდ ვიტყვით. ჩვენ გვგონია, რომ მაგიდის აყირავება და პროცესში ახალი რეალობის გათვალისწინებით პროცესში ჩაურთველობა არ იქნებოდა სწორი," - განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "გირჩის" წევრმა ჰერმან საბო.

პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი მიიჩნევს, რომ 12 რეკომენდაციის შესრულებისთვის მმართველი გუნდის მიერ დასახული ფორმატი საზოგადოებისთვის ნათელია. მმართველი გუნდი ნებისმიერ დაინტერესებულ მხარეს იწვევს, რათა ერთად ჩაერთონ ევროკავშირის რეკომენდაციის შესრულების პროცესში.

"ვფიქრობ, რომ საზოგადოებისთვის ძალიან ნათელია ის ფორმატი, რომელიც 12 რეკომენდაციის შესრულებისთვის მმართველმა გუნდმა დასახა ეს არის კომიტეტები, სამუშაო ჯგუფები თუ საბჭოები, რომელიც პარლამენტში არსებობს, უკვე არსებული ფორმატები.

ასევე მკაფიოდ გვაქვს ჩამოყალიბებული ჩვენი მხრივ როგორ ვხედავთ ამ რეკომენდაციების შესრულებას და რა თქმა უნდა ვიწვევთ ნებისმიერ დაინტერესებულ მხარეს, ეს ოპოზიცია იქნება თუ სხვა სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, რომ ჩვენთან ერთად ვიმუშაოთ ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებაზე, თუმცა ყველა სხვა სცენარი, რომელიც ამ ფორმატს და პროცესს ბოიკოტს უცხადებს ნამდვილად ვერ იქნება აღქმული როგორც ევროპისკენ მიმავალი გზა, არამედ იქნება პირიქით ანტისახელმწიფოებრივი გამოხტომა", - განაცხადა ნინო წილოსანმა.

დღის ამბები