28 ნოემბერი 2022,   21:49
ვრცლად
არ მივცემთ საშუალებას "ოცნებას", დრო გაწელოს და არაფერი აკეთოს - ოპოზიციის ნაწილი მმართველი გუნდის შეთავაზებულ ფორმატში მუშაობას არ აპირებს

ქუჩის პროტესტი თუ მოლაპარაკების მაგიდა - როგორ მიიღწევა ქვეყანაში დეპოლარიზაციისა და ევროინტეგრაციის პროცესი? მმართველი გუნდი ოპონენტებს მოლაპარაკების მაგიდასთან იწვევს, ოპოზიციის ნაწილი კი გზას ევროპულ ოჯახამდე სხვაგვარად ხედავს - პროტესტი, კომისიები, კანონმდებლობაზე მუშაობა - არცერთი პარტიის ხედვა ერთმანეთთან თანხვედრაში არ მოდის.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საორგანიზაციო მდივანი ბაჩო დოლიძე ამბობს, რომ ისინი მაშინ ჩაერთვებიან პროცესში, როდესაც ჩანიშნული იქნება რიგგარეშე სესია.

დოლიძის თქმით, "ქართული ოცნება" ცდილობს შექმნას მუშაობის იმიტაცია.

"ჩვენ პირდაპირ ვუთხარით, რომ ჩანიშნონ რიგგარეშე სესიები, მიიღონ კანონები რომლებიც დაიწყეს, ეს პირველ რიგში ეხება საკონსტიტუციო ცვლილებას, ჩვენ რაღა თქმა უნდა შემოვალთ პარლამენტში და მივიღებთ მონაწილეობას აღნიშნული კანონის მიღებაში. მზად ვართ, თუკი დავინახავთ რომ რაღაც კონკრეტული ნაბიჯი იდგმება - კი ბატონო, მაგრამ ის რაც "ქართულ ოცნებას" აქვს ჩაფიქრებული, რომ იმიტაცია შექმნას მუშაობის, შეხვედრები, კომისიები და ეს ყველაფერი გაასაღოს, რომ თურმე დაწყებულია მუშაობა და ეს ყველაფერი გასაღდეს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, მაგ ფარსში, ბოდიშს ვიხდით, მაგრამ ნამდვილად ვერ მივიღებთ მონაწილეობას. ჩვენ ნამდვილად არ მივცემთ საშუალებას "ქართულ ოცნებას", რომ დრო გაიყვანოს, დრო გაწელოს და არაფერი არ აკეთოს", - ამბობს დოლიძე.

"სტრატეგია აღმაშენებელის" პოლიტიკური საბჭოს წევრის, სერგო ჩიხლაძის განცხადებით, მსგავსი დისკუსიები უსაგნოა და მისი პარტია მსგავს შეხვედრებზე დასწრებას არ აპირებს.

""სტრატეგია აღმაშენებელი" არ დაესწრება მსგავს ჩვენი აზრით უსაგნო შეხვედრებს. "სტრატეგია აღმაშენებლის" პოზიცია არის, რომ რეალური ტესტი "ქართული ოცნებისთვის" და პოლიტიკური ნების გამოვლენა იქნება რიგგარეშე სესიის ჩანიშვნა და ამ სესიაზე ისეთი საკითხების განხილვა, დაყენება და მიღება, როგორიც არის თუნდაც საკონსტიტუციო ცვლილებები. კონსულტაციები არის უსაგნო, ჩვენ ვნახეთ პირველი ე.წ კონსულტაცია ბატონ პაპუაშვილთან, რომელიც კომიკური შედეგით დასრულდა, რომ რაღაც მონიტორინგის ჯგუფი შევქმნათ, ვინ რას იტყვის და ეს იქნება დეპოლარიზაციის პუნქტის შესრულებაო. ამიტომ ამ უსაგნო და ვითომ დისკუსიებში შესვლა, არის მოტყუება საკუთარი ხალხის და საკუთარი თავის", - თქვა ჩიხლაძემ.

დღის ამბები