04 თებერვალი 2023,   06:17
ვრცლად
პასუხის პასუხი ამერიკელ დიპლომატს დიმიტრი ხუნდაძისა და მიხეილ ყაველაშვილისგან - მმართველი გუნდიდან წასულების მორიგი წერილი, ქართულ პოლიტიკურ სპექტრში მორიგი ბრალდებების მიზეზი გახდა

"ქართული ოცნებიდან" წასული დეპუტატები ამერიკის ელჩს ისევ კითხვებზე პასუხს სთხოვენ. სოზარ სუბარი კელი დეგნანის გუშინდელ განცხადებას ეხმაურება, სადაც ელჩი ამბობს, რომ მიხეილ ყაველაშვილის წერილს ბოლომდე არ გაეცნო, თუმცა გზავნილი სავსე იყო ტყუილებით და კონსპირაციული თეორიებით. დეპუტატის თქმით, მათ აქვთ ლეგიტიმური კითხვები, რომელიც ქართველ ამომრჩეველსაც აქვს.

კელი დეგნანს დღეს თავად მიხეილ ყაველაშვილმაც უპასუხა. სოციალურ ქსელში დეპუტატმა დაწერა, რომ დიპლომატის შეფასებებით გაოცებულია. ყაველაშვილისთვის გაუგებარია, რა შეთქმულების თეორიებზე და ტყუილებზე ლაპარაკობს საქართველოში ამერიკის ელჩი.

ამერიკის ელჩთან კითხვები აქვს დიმიტრი ხუნდაძესაც. დეპუტატი ყაველაშვილის მიმართ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის პასუხსაც ეხმიანება და აღნიშნავს, რომ დეგნანის გუშინდელი განცხადება ქვეყანაში პოლარიზაციის გაღრმავებას ემსახურება.

ოპოზიციამ, "ქართული ოცნებიდან" წასული დეპუტატების წერილებში ანტიდასავლური გზავნილები ამოიკითხა. მმართველი გუნდის ოპონენტების ნაწილი ამბობს, რომ მსგავსი შინაარსის განცხადებებს სახელისუფლებო გუნდიდან წასული კანონმდებლები სპეციალურად ავრცელებენ, რათა ქვეყანამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღოს.

განსხვავებული პოზიცია აქვთ "ქართული ოცნების" წევრებს. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ დეპუტატებს უფლება აქვთ კითხვები დასვან და პასუხებიც მიიღონ. ამბობენ, რომ ქვეყანას ევროატლანტიკური კურსი არჩეული აქვს და ნებისმიერ დისკუსიაში ეს საკითხი მთავარი თემა უნდა იყოს.

დიმიტრი ხუნდაძემდე, წერილი, რომელშიც ომში ჩართვის ნარატივზე იყო საუბარი, ამერიკის ელჩს მიხეილ ყაველაშვილმა გუშინ გაუგზავნა. დეპუტატს გუშინვე უპასუხა ადრესატმაც, თუმცა დღეს ამერიკის ელჩს განცხადება აღარ გაუკეთებია.

დღის ამბები