06 თებერვალი 2023,   01:13
ვრცლად
საქართველო-ავსტრიას შორის თანამშრომლობის გაძლიერება - რა პოლიტიკური გზავნილებით ბრუნდება მთავრობის მეთაური ვენიდან 

ირაკლი ღარიბაშვილის ვენაში ვიზიტი, ავსტრიის ფედერალურ კანცლერთან შეხვედრით დაიწყო. კარლ ნეჰამერმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს მთავრობის სახლში უმასპინძლა. მთავრობის მეთაურის რანგში ავსტრიაში, ეს ირაკლი ღარიბაშვილის პირველი ოფიციალური ვიზიტია. 

დახვედრის ცერემონიის შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილი კარლ ნეჰამერს ჯერ პირისპირ, შემდეგ კი გაფართოებული შემადგენლობით შეხვდა. ლიდერებს შორის საუბარი საქართველო-ავსტრიას შორის პარტნიორულ ურთიერთობასა და თანამშრომლობის გაძლიერებას შეეხო.

პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვედრების დასრულების შემდეგ ორი ქვეყნის ლიდერებმა მედიისთვის ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. კანცლერის განცხადებით, საქართველო ავსტრიისთვის მნიშვნელოვანი გეოსტრატეგიული პარტნიორია. კარლ ნეჰამერი ევროინტეგრაციის პერსპექტივასაც შეეხო და აღნიშნა, რომ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების გზაზე ავსტრია დადებით როლს შეასრულებს.

საფრთხეებზე საუბრის დროს კი ავსტრიის კანცლერმა ყურადღება რუსულ აგრესიასა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაამახვილა.

ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულებაზე და საქართველოს ევროპულ ღირებულებებზე ისაუბრა პრემიერ-მინისტრმაც. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარება მოტივაციაა, რომ ქვეყნა ევროკავშირის წევრი გახდება.

საქართველოს პრემიერისა და ავსტრიის კანცლერის ერთობლივი პრესკონფერენცია კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმა და ზოგადად რუსეთის აგრესიის შედეგად გამომდინარე საფრთხეებს უკავშირდებოდა ერთ-ერთი კითხვა. პრემიერის შეფასებით, მსოფლიო და ევროპის კონტინენტი დღეს დიდი გამოწვევის წინაშე დგას და ყურადღება მშვიდობის უალტერნატივობაზე გაამახვილა.

რუსული აგრესიის და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გამოწვევების გარდა, პრემიერს კითხვა საქართველოს შიდა პოლიტიკურ საკითხებზეც დაუსვეს. ირაკლი ღარიბაშვილს კითხეს, მზად არის თუ არა ხელისუფლება და მმართველი პარტია ქვეყნის ევროპული პერსპექტივისთვის კომპრომისზე წავიდეს ოპოზიციასთან. პრემიერმა კითხვის ავტორი ვითარების უკეთ გასაცნობად საქართველოში მოიწვია. მანამდე კი შეახსენა თუ რა პროგრესი განიცადა ქვეყანამ არაერთი მიმართულებით.

ერთობლივი პრესკონფერენციის შემდეგ, საქართველოს პრემიერი კარლ ნეჰმართან შეხვედრას სოციალურ ქსელ ”ტვიტერში” გამოეხმაურა. ირაკლი ღარიბაშვილმა ავსტრიის კანცლერს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის და მომავალში ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავების სურვილი გამოთქვა. თავის მხრივ სოციალურ ქსელში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა კარლ ნეჰმარმაც. დღესვე პრემიერი ავსტრიის რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს პრეზიდენტს შეხვდა. 

დღის ამბები