05 თებერვალი 2023,   23:36
ვრცლად
Bloomberg: ევროკომისიის წარმომადგენლები უკრაინისთვის გამოყოფილი $1.5 მილიარდიანი სესხის დაბლოკვას უკრაინის დეფოლტირების რისკებს უკავშირებენ

ევროკომისიის საბიუჯეტო კომიტეტი უკრაინის დასახმარებლად გამოყოფილ $1.5-მილიარდიან სესხს ბლოკავს. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს. 

საკითხი ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) მიერ გამოყოფილ სესხს უკავშირდება, რომლის გაცემაზე ბანკი გასულ თვეს დათანხმდა, თუმცა EU-ს აღმასრულებელ ორგანოს ის საბოლოოდ ჯერ არ დაუდასტურებია.

Bloomberg-ის ცნობით, კომისიის წარმომადგენლები პრობლემურ საკითხად უკრაინის დეფოლტირების რისკებს ასახელებენ. მათი შეფასებით, იმ შემთხვევაში, თუ უკრაინა ვერ შეძლებს აღნიშნული ვალდებულების მომსახურებას, ევროკავშირი მზად უნდა იყოს ზარალის მისაღებად და სესხის გაცემამდე დაზღვევის შესაბამისი ზომები უნდა იქნეს მიღებული.

ზოგადად, სესხის დანაკარგის რეზერვის სახით კომისია თანხის საერთო მოცულობის 9%-ს მოითხოვს, თუმცა ამ შემთხვევაში, საუბარია 70%-იან რეზერვზე, რაც უჩვეულოდ მაღალი მაჩვენებელია და იმაზე მიუთითებს, რომ საბიუჯეტო კომიტეტი აღნიშნულ სესხს დეფოლტირების მაღალი რისკის ზონაში განიხილავს.

სავარაუდოდ, $1.5-მილიარდიან დახმარებას უკრაინის მთავრობა დაგვიანებით, თუმცა მაინც მიიღებს. 

დღის ამბები